28 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც შემოსავლები განისაზღვრა 8514,6 ათასი ლარით, აქედან: გადასახდელები 8514,6 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 210,0 ათასი ლარი, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად 210,0 ათასი ლარი; სარეზერვო ფონდი 90,0 ათასი ლარი. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უმთავრეს პრიორიტეტად მიჩნეულია სოციალური სფერო, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სხდომაზე ასევე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა
473800 ლარით, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა ის პროგრამა რაც გათვალისწინებული იყო 2018 წელს, ამასთან პროგრამას დაემატა 0-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური პროგრამის კერძოდ: დღის ცენტრის თანხის (კომუნალური ხარჯების) თანადაფინანსება; საოპერაციო (გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები) ქიმიო, იოდო და სხივური თერაპიის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება განისაზღვრა ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი ხარჯების 0%-იდან 50%-ის ფარგლებში და არაუმეტეს 1000 ლარისა, ერთჯერადად, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ავადმყოფის საავადმყოფოდან გაწერამდე, მხოლოდ პაციენტის მიერ გადაუხდელი თანხის მიხედვით. ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავამ საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2018 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ დახურულად გამოცხადდა.