დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა

20 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო აქტივობები დასაქმების პოლიტიკის და მისი განხორცილების შესახებ“. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, რომელმაც ისაუბრა დასაქმების პრობლემაზე. მისი განმარტებით, უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას შეუსაბამობა წარმოადგენს არსებული უნარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. ამ პრობლემის დაძლევის მიზნით ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ: განხორციელდა 4 წლიანი პროექტი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების სახით „უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ; უფრო ეფექტური შრომის ბაზრის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შრომის ბაზრის ინფორმაციული სისტემა დაინერგა - www.lmis.gov.ge („დაგეგმე მომავალი“) -შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა. დაიწყო დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების მიწოდება, იგეგმება ამ სერვისების გაუმჯობესება საქართველოს 69-ვე მუნიციპალიტეტში. შეიქმნა სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის პორტალი. დაინერგა მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები ბაზარზე მოთხოვნად სახელობო პროფესიებში/ სტაჟირება/ სუბსიდირება. განხორციელდა საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მიზნით ლეგალური შრომითი მიგრაციის სქემების დანერგვისთვის საპილოტე პროქტი. დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო წინადადებები/ შეიქმნა შრომის ინსპექცია. გრძელდება შრომის კანონმდებლობაში საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბალანს, განსაზღვრავს ქვეყანაში ღირსეულ და უსაფრთხო შრომას.