ხობის სოფელ ბაიაში, შუა საუკუნეების მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი მაღალ ბორცვზე მდებარეობს, რომლის ფერდობები ფართოფოთლოვანი ხეებითაა დაბურული. ამ მთას ადგილობრივები „ოხვამეფერდს’“ ეძახიან. ეკლესია უფრო ძველი და დიდი ტაძრის ადგილზეა აშენებული, რასაც სააგენტოს ცნობით, მოწმობს ნაგებობის ირგვლივ მდებარე ერთ მეტრამდე სიფართის ძველი საძირკველი.
მათივე განმარტებით, ეკლესიაში შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რაც ნიშნავს შემდეგს - სარესტავრაციო სამუშაოებისას სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ ქვიშაქვები, კირქვის კვადრები, რიყის ქვა, ქართული აგური. ტაძარი ხუთკუთხა შვერილაფსიდიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა სამი სარკმლით. ისინი მოჩარჩოებულია კარგად თლილი კირქვით.
„შესასვლელი კარის ღიობი გაჭრილია ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე. კარების ღიობებს ხურავს კირქვის ტიმპანები ჯვრის რელიეფით. დასავლეთის სარკმლის ორივე მხარეს რამდენიმე კვადრისაგან შემდგარი მართკუთხედია, რომლებზედაც ჯვარის რელიეფური გამოსახულებაა. სამხრეთ და ჩრდილოეთის კედლებს ინტერიერში აქვს დეკორატიული სამ-სამი ცრუ თაღი. საკურთხეველი ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილია ოდნავ შემაღლებული ამბიონით, საკურთხევლის ორივე მხარეს ცრუ თაღით შემოსაზღვრული შეწეული მოცულობაა, რომელიც, სავარაუდოდ, სადიაკვნესა და სამკვეთლოს ფუნქციებს ასრულებდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე თქმით, ჩრდილოეთის კარის მარჯვნივ ჩატანებულია წარწერიანი ქვის ლოდი. სამსტრიქონიანი წარწერა მხედრული ასოებით არის შესრულებული. ავტორის ვინაობა უცნობია. მეოთხე სტრიქონი უხეში ასოებითაა ამოტვიფრული, სადაც ორჯერ მკრთალად მეორდება: „ესე საყდარ, ესე საყდარ აშენდა’“, შემდეგ კი გარკვევით იკითხება - ესე საყდარი აშენდა.
სააგენტოს განმარტებით, ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და ფასადთა მორთულობა.
წყარო: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/24664-khobshishuasaukuneebistadzarsudzravidzeglisstatusimienitca.html