28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, არქიმანდრიტ ისააკთან (ღადუა) და ტაძრის მოძღვარ ილიასთან (ლომაია) ერთად საზეიმო წირვა აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მარიამს ეუწყა თავისი გარდაცვალების შესახებ. მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ - სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამ სოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა და მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს და წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს. ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი - თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“.