29 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული
ერთეულის კულტურის სახლში საკრებულოს გასვლითი სხდომა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს
2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მერმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ
პროექტებზე, გამოწვევებზე და ახალ ინიციატივებზე.
„ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელდა მნიშვნელოვანი
პროექტები - ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, სპორტის, ჯანდაცვის მიმართულებით.
აშენდა ხიდები და ხიდ-ბოგირები, გარემონტდა საბავშვო ბაღები, გაუმჯობესდა სპორტული
ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირდა ხეთისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულები, სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით 3335 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე
ამოიწმინდა სამელიორაციო არხები. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტს გზების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია
წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, ასფალტის (ცემენტ-ბეტონის) საფარი დაიგო 55 კილომეტრ
მანძილზე (19 მილიონი ლარი). პარალელურ რეჟიმში ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
- მიმდინარე წელს 32 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი. განსაკუთრებით მინდა შევეხო ყულევი-ქარიატა-შუა ხორგის წყლის სისტემის
მშენებლობის პროექტს. ეს არის განსაკუთრებული პროექტი, რადგან, როგორც მოგეხსენებათ
ყულევში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და მოსახლეობას ის გრაფიკით - ცისტერნების მეშვეობით
მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა სასმელ წყალს ახალი მაგისტრალის
მეშვეობით მიიღებს და ძალიან დიდი პრობლემაც მოგვარდება.
ხობი ოდითგანვე ცნობილი იყო სახელოვანი სპორტსმენებით და ეს ტრადიცია
დღესაც გრძელდება - ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. სპორტსმენთა წარმატება
დაკავშირებულია მაღალი დონის ინფრასტრუქტურასთან. ქალაქ ხობში შენდება მრავალფუნქციური
სპორტული კომპლექსი. ასე, რომ ხობს რეგიონის მასშტაბით გამორჩეული სპორტული ინფრასტრუქტურა
ექნება.
მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ინიციატივით ცენტრალური
და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქ ხობში დაიწყება მასშტაბური პროექტი - „ახალგაზრდული პარკის“ მშენებლობა,
რომელიც ხობს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენების
ადგილად იქცევა.
ყოველი წარმატება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების
კოორდინირებული საქმიანობის შედეგია. ძვირფასო სტუმრებო, საკრებულოს წევრებო ღრმად
მწამს - ერთად დგომითა და შრომით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ მუნიციპალიტეტისთვის
და ერთად შევქმნით ხობის ხვალინდელ დღეს“ - აღნიშნა მერმა.
საკრებულოს წევრებმა მერის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად
შეაფასეს.
საკრებულოს სხდომას ადგილობრივი მოსახლეობა, მერიის
მოსამსახურეები და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების
თანამშრომლები ესწრებოდნენ.