ცაბუნია ვართაგავა - „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი


ცაბუნია ვართაგავა - „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად 18 ივნისს დაინიშნა. ის მანამდე ამავე ორგანიზაციაში სოციალური მუშაკი იყო.

***
დღეს ორშაბათია. უახლოესი თვეების მანძილზე პირველი ორშაბათი, როდესაც ლექციაზე არ მივდივარ თბილისში. სემესტრი დასრულდა. თუმცა, თბილისიდან გამთენიისას დავბრუნდი. საჯარო დისკუსიაზე ვიყავი, სადაც განვიხილეთ ლგბტ აქტივიზმში არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების საპასუხო ნაბიჯები. 17 მაისზეც ვისაუბრეთ და გადავიაზრეთ ბევრი რამ. წესით, რადგან ლექცია არ მაქვს, დასვენების დღე უნდა მქონოდა. ის იყო ისევ დაძინებას ვაპირებდი, გამახსენდა, რომ დღეიდან ზუგდიდის რესურს-ცენტრის მენეჯერი ვარ და სრული განაკვეთით ვმუშაობ. თან მანქანა ძმას ვათხოვე და მიკროავტობუსით მომიწევს ზუგდიდში წასვლა. ასეთი რთული ორშაბათი მას შემდეგ არ მქონია, რაც პრობაციიდან წამოვედი, ანუ ზუსტად წელიწად-ნახევარია. მაშინ მე და ემზომ (წინა მენეჯერმა) დიდი სიფრთხილით და მაქსიმალურად შემართებით დავიწყეთ ლგბტ აქტივიზმი ზუგდიდში. ოფისში სულ ორი თანამშრომელი ვიყავით. ყოველ სიტყვას ვზომავდით, ვისთვის რა გვეთქვა. ახლა ათმაგად ძლიერები ვართ, თანამშრომლები და თანამებრძოლებიც შემოგვემატნენ. ჩემი გუნდის იმედი მაქვს.

სამუშაო დღე იყო ხანგრძლივი და დამღლელი. დოკუმენტებს გადავავლე თვალი, რომ მივეჩვიო. აქამდე მაქსიმუმ, რა დოკუმენტიც მიწარმოებია, ბენეფიციარის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასებაა. დღის მეორე ნახევარში ხალხი შეიკრიბა. ეს მათთვის ერთადერთი სივრცეა ზუგდიდში, სადაც შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ, არავინ შეუზღუდავთ თვითგამოხატვას. ალბათ ამიტომ არიან კომფორტულად და ყოველდღიურად გვსტუმრობენ. საღამოს ყველანი საქველმოქმედო კონცერტზე წავედით. ორგანიზაცია „საუნჯე“ მართავდა ბექას დასახმარებლად. რა კარგია, ჯერ ისევ რომ შეგვრჩა სოლიდარობის განცდა და იშვიათად, მაგრამ მაინც ვერთიანდებით რაღაც მიზნისთვის.

***
ასჯერ მაინც მომიწია მადლობის გადახდა. დაწინაურებას მილოცავენ. გული მწყდება, პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი რომ აღარ ვარ. მიყვარს ჩემი პროფესია. პროცესში რომ ხედავ, როგორ იზრდება და ძლიერდება შენი ბენეფიციარი, ამ დროს შენც იზრდები და ძლიერდები. რაღაც ურთიერთდახმარებასავით გამოდის.

დღეს ყველა თანამშრომელი ოფისში ვიყავით (მიუხედავად იმისა, ზოგიერთი ნახევარ განაკვეთზეა და დღეს ისვენებდა) აქვს ამ ოფისს რაღაც ხიბლი. ერთხელ ვინც შემოაბიჯა, აღარ მიდის  დავგეგმეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, როგორ უნდა გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი, რომ სხვებიც დავაინტერესოთ. საღამოს შვიდზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის იურისტი ხვდება ჩვენს ბენეფიციარებს. დაზარალებულის უფლებებზე უნდათ ინფორმაციის მიღება და ჯანოც არ დაგვზარდა. მიუხედავად დიდი ინტერესისა, შეხვედრას ვერ დავესწრები. 7-ის ნახევარს თუ გადავცდი, ან ზუგდიდში მომიწევს დარჩენა, ან ტაქსით წასვლა, რასაც ჩემი ფინანსური მდგომარეობა ვერ გაწვდება (არადა, ხალხს ჰგონია, რომ გრანტიჭამია ენჯეოშნიკები ვართ და თავზე საყრელ ფულს ვშოულობთ).

ხვალ გამოცდა მაქვს, თბილისში მომიწევს წასვლა. ცოტას კიდევ გავიჭირვებ, მაგისტრის დიპლომი ამად ღირს.

***
დღის ნახევარი ტრანსპორტში გავატარე. საგამოცდო საკითხების გადამეორებას ვგეგმავდი, თუმცა, იმდენად დანჯღრეული მიკროავტობუსით ვიმგზავრე, ერთადერთი სურვილი მქონდა, როგორმე თბილისში ჩამეღწია. არ მიყვარს თბილისი. ხშირად მეხუმრებიან, რომ ერთადერთი მეგრელი ვარ, თბილისის მიმართ ასე უარყოფითად განწყობილი. ეს ქალაქი სულს მიხუთავს, თავისი საცობებით, ხმაურით, ბუღით. ყველაზე სტრესული საცობში დგომაა. 6 საათი მჭირდება ზუგდიდიდან დიღომამდე მისასვლელად და საათნახევარი მაინც დიღომიდან ვაკემდე. სასწრაფოდ რაღაც არის მოსაფიქრებელი, სანამ სრულიად გაუსაძლისი გახდა ამ ქალაქში არსებობა. ამ მხრივ ზუგდიდში ჯერჯერობით უკეთესი სიტუაციაა. გამწვანებაც არის, ნაკლები ტრანსპორტიც, ნაკლები ხმაურიც და იშვიათად, რომ საცობში მოყვე. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდელი არ ვარ, ეს ქალაქი მეკომფორტულება.

გამიმართლა და ისეთი საკითხები შემხვდა, რაზეც თავისუფლად შემიძლია ვიმსჯელო. ბოლოსწინა გამოცდა ჩაბარებულია. ხვალ ბოლო გამოცდასაც ჩავაბარებ და შემდეგ სამაგისტრო დამრჩება დასაცავი.

საღამოს საქსესში შევიკრიბეთ მეგობრები, მყუდრო სივრცეა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და ა.შ. მეგობრებიც ზუსტად ასეთები შევიკრიბეთ, მრავალფეროვნები, ჩვენი წარსული გამოცდილებებით, თვითგამოხატვებით. ორი წელი იქნება ალკოჰოლი არ მიმიღია, პირველივე ბოთლი ლუდი მათრობს და ვხვდები, აღარასდროს უნდა დავლიო.

***
დღეის მთავარი საზრუნავიც გამოცდაა, რომლისთვის მომზდებასაც, როგორც ყოველთვის, ვერ ვასწრებ. მთელი წლის ნასწავლის იმედად მივდივარ და რა თქმა უნდა, ვაბარებ.

საღამოს მეგობარს ვხვდები. ჩაის სახლში დიდხანს ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, პირადიდან დაწყებული, ზოგადსაკაცობრიო თემებით დასრულებული. საერთოდ სხვა ხედვა აქვს სამყაროს მიმართ. მომწონს ასეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომ გგონია, რაღაც მოვლენას სრულად აღიქვამ, ყველა მხრიდან უყურებ და ამ დროს ისეთი კუთხით შეგახედებს, არმოჩენებს აკეთებ საკუთარ თავშიც და ცხოვრებაშიც. საუბრის დიდი ნაწილი ლგბტ აქტივიზმზე მოდის. იმაზე, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე აქტივისტი იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო. ვმსჯელობთ, რამდენად გამართლებულია ასეთ დროს წასვლა, ხომ არ გამოდის ეს იმ იდეის ღალატი, რისთვისაც ყველანი ერთად ვიბრძვით და რისთვისაც სხვები გვებრძვიან, თუმცა, ვთანხმდებით, რომ პირადი ბედნიერების უფლება ყველას აქვს და ზოგჯერ თავგანწირვა უადგილოა. თანაც, იმედს ვიტოვებთ, რომ ოდესმე ისე გავძლიერდებით, არავის მოუწევს ქვეყნის დატოვება ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის გამო. სახლში გვიან ვბრუნდები. გამოძინება უნდა მოვასწრო. ხვალ გრძელი დღე (უფრო სწორედ ღამე) მელის.

***
მთელი დღე ბინის დალაგებას მოვუნდი, ძმა ახლახან გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად. დღის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საღამოს ოფისში ვიკრიბებით, საიდანაც Open Air-ზე უნდა წავიდეთ, ოღონდ, არა გასართობად. აივ-ინფექციაზე უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია და მსურველებს უფასო სწრაფი ტესტი ჩავუტაროთ. ვისაც მოუნდება, 15 წუთში ეცოდინება მისი აივ-სტატუსი. ვიხსენებ ჩემს წინა გამოცდილებას, როდესაც სამედიცინო კონსულტანტი ვიყავი და ვიწყებ. ნემსის და სისხლის ძალიან მეშინია, მიუხედავად ამისა, 30 ტესტი გავაკეთე. ანუ, 30-ით მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი აივ-სტატუსი. სამწუხაროდ, ერთი პასუხი დადებითია, თუმცა, უკვე აივ-ი არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს და არც განაჩენია. უკვე მივეჩიე, მსგავს ამბებს მშვიდად შევხვდე, სხვებსაც მშვიდად ავუხსნა, რომ ინფექცია არ იკურნება, თუმცა, მკურნალობას ექვემდებარება. დროული გამოვლენის და დროულად დაწყებული მკურნალობის შედეგად კი შესაძლებელია სისხლში ვისურის დონის ნულამდე დაყვანა. არა იდენტიფიცირებადი = არა გადამდები, ზუსტად ასე აწერია ჩვენს ერთ-ერთ სტიკერს. საკმაოდ ოპტიმისტურად ჟღერს. ღამის სამი საათი ისე მოვიდა, ვერც ვიგრძენი. ჰორუმზე გადასვლის დროა.

რამდენიმე თვე იქნება, ჰორუმზე არ ვყოფილვარ, ბოლო ორი თვეა ბასიანზეც არ შემიდგამს ფეხი. სუნთქვა მეკვრება, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხნის მონატრებულ სახლში ვბრუნდები. ქვიარ ღამეების სერია დაბრუნდა და ის უკვე 2 წლისაა. ორი წლის წინ მცირე ნაბიჯებით, სიფრთხილით და უამრავი ადამიანის თავდაუზოგავი შრომით შეიქმნა უსაფრთხო სივრცე ქვიარ ადამიანებისთვის და მათი მეგობრებისთვის. სივრცე, სადაც თავისუფლად შეგიძლია იცეკვო, გაერთო და არავინ დაგცინებს შენი განსხვავებულობის გამო, ათასამდე ადამიანია და ყველას ერთმანეთი უყვარს. უამრავ ნაცნობს ვხედავ, მიხარია, თვალებს ვხუჭავ და ცეკვას ვიწყებ, თავისუფლების ცეკვას.

***
ბასიანიდან გამთენიისას გამოვდივარ მეგობართან ერთად. თანასწორობის მოძრაობის მაისური მაცვია. მაკდონალდსში ბიჭი გამომეცნაურა. მაისური ეცნო და მითხრა რომ ფეისბუქით მიცნობს, ჩემი სახელიც ახსოვდა, რომელიც არც ისე რთული დასამახსოვრებელია ))) დილა სასიამოვნოდ იწყება. საღამომდე გამოძინება უნდა მოვასწრო და Open Air-ისთვის ძალები აღვიდგინო.

დღეს ტესტებს სხვა აკეთებს, მე ხალხის მობილიზება მევალება. სახლიდან გასვლისას ისე მოიღრუბლა, მივხვდი, ცა ჩამოიქცეოდა, მართლაც, რამდენიმე წუთში ისეთი წვიმა დაიწყო, ეჭვი შემეპარა, რომ Open Air გაგრძელდებოდა. იხტიბარს არ ვიტეხთ და მაინც ავდივართ ლისზე, ჩვენს ასვლამდე ამინდიც დამშვიდდა. დღესაც ოცდაათმა ადამიანმა გაიგო მისი აივ სტატუსის შესახებ. ყველა პასუხი უარყოფითია.

საღამოს განმავლობაში არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ფეისბუქით მიცნობს, ჩემს სტატუსებს კითხულობს, მგულშემატკივრობს, მადლობას მიხდიან აქტივიზმისთვის. შექების მიღება მიჭირს, თავს უხერხულად ვგრძნობ და მინდა გავქრე იმ ადგილიდან. მუშაობას ორზე ვასრულებ, შემიძლია მუსიკას ვუსმინო, მაგრამ დაღლილობა მერევა, თან მშია. ლისიდან ხინკლის სახლში აღმოვჩნდი, მეგობარს ვეხუმრები, რომ ხინკლის წყალობით ქართველობას ვერავინ წამართმევს.

***
შუადღეს ვიღვიძებ, დაღლილი, მაგრამ გავლილი დღეებით კმაყოფილი. ლგბტ თემის ხილვადობასაც ვზრდით, აივ-ინფექციაზე ინფორმაციასაც ვავრცელებთ და ადამიანებსაც ვაგებინებთ მათ აივ-სტატუსს. დღეს Open Air-ის და ჩემი დღიურის წერის ბოლო დღეა. პირველად დავწერე დღიური. რუტინული ქმედებები არ გამომდის, მგონი, წარმატებით გავართვი თავი. ისევ თანასწორობის მოძრაობის ოფისიდან ავედით ლისზე. კარგი ლაინ აფის და კარგი ამინდის დამსახურებით, ხალხის რაოდენობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე წინა დღეებში, ამიტომ, საცობში დიდხანს მოგვიწია ყოფნა. ტესტიც ბევრად იმაზე მეტმა ადამინმა გაიკეთა აივ-ზე, ვიდრე წინა დღეებში. მუსიკის მოსმენაც მოვახერხე. საოცარი შეგრძნებაა უამრავ ხალხში, ღამით, სცენის განათებების ფონზე რომ დგახარ, თვალდახუჭული და გასაოცარ მუსიკას უსმენ, ყველაფერს ივიწყებ და თავისუფლდები.

ხვალიდან ზუგდიდს ვუბრუნდები, დაღლილი, მაგრამ ემოციებით სავსე. ახალი იდეებით დატვირთული და ორმაგი შემართებით. მე და ჩემი გუნდი ერთად ბევრ რამეს შევძლებთ.

ბმული: http://www.livepress.ge