მერი ნოჯიხევისა და ზემო ქვალონის მოსახლეობას შეხვდა


26 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ნოჯიხევისა და ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა  ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ზარალი მოცულობა აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა. სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთი ტრაქტორი და 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს, მათ შორის - ხუთი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო სამზე
დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა. ნოჯიხევში გარემონტდა საბავშვო ბაღი,  გაზიფიცირდა სოფელი, მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონი, შეკეთდა ხიდები და ხიდ-ბოგირები; ხოლო ზემო ქვალონში აშენდა წყლის მაგისტრალი, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განახორციელა დასახლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. შიდა სასოფლო გზის პროექტირებაზე ტენდერი დასრულებულია, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“ - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მერმა.
შეხვედრებს სისტემური ხასიათი ექნება. მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდება და უშუალოდ მათგან მოისმენს წინადადებებს დასახლებისათვის აქტუალურ საკითხებზე.