საიდუმლო სერობა ფოთისა და ხობის ეპარქიაში - მეუფე გრიგოლმა საარჩევნო კამპანია დაიწყო



ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

ვინ გახდება საქართველოს მომავალი პატრიარქი ილია მეორის შემდეგ? ეს კითხვა ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გააქტიურდა. თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში პატრიარქის რჩეულს, მოსაყდრე შიოს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი დაუპირისპირდება და ამ მიზნით მან სინოდის წევრებთან კულუარული კონსულტაციებიც კი დაიწყო. 

სავარაუდოდ, სწორედ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას უნდა უკავშირდებოდეს ერთი თვის წინ ხობში, მეუფე გრიგოლის რეზიდენციაში გამართული საიდუმლო სერობა, რომელსაც სინოდის არაერთი გავლენიანი მღვდელმთავარი ესწრებოდა. ამ შეხვედრის შესახებ ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ორიოდე სიტყვით გიამბობთ თავად მეუფე გრიგოლის შესახებ. 

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი. 

მეუფე გრიგოლი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა მის ბიოგრაფიაში არის ერთი დეტალი, რომელმაც საპატრიარქო ტახტისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა, სერიოზული წინაღობა შეუქმნას. საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა სინოდის ერთ-ერთი გავლენიანი მღვდელმთავარი ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი 1981 წელს ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს. საქმე ეხება მოპარული ავტომობილების ვლადიკავკაზში გადაყვანასა და უკანონო რეალიზაციას. მაშინ გურამ ბერბიჭაშვილი, სულ რაღაც, 25 წლის გახლდათ. ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ ის დიაკვნად ეკურთხა, ერთი წლის შემდეგ კი მღვდელი გახდა. მისი ბერად აღკვეცა და ეპისკოპოსად კურთხევა 1996 წელს მოხდა, 2007 წელს კი მიტროპოლიტის სტატუსი უბოძეს. მეუფე გრიგოლს ხშირად ნაციონალური მოძრაობისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის აქტიურ მხარდაჭერადაც განიხილავდნენ. მოქმედ ხელისუფლებას კი დღესაც აქტიურად აკრიტიკებს, თუმცა ბოლო პერიოდში მისი კრიტიკის სამიზნე თავად კათოლიკოს-პატრიარქიც გახდა. ეს მას შემდეგ, რაც მისმა უწმინდესობამ ყველასთვის მოულოდნელად თანამოსაყდრედ მეუფე შიო გამოაცხადა. პატრიარქის ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა მეუფე გრიგოლმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და „რუსთავი 2“-თან საუბრისას ასეთი რამ თქვა:

„სამართლებრივი კუთხით რომ შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩნდება. მე ისიც არ ვიცი, ის ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა... მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც პატრიარქი უუნაროა. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ამას უნდა მოჰყოლოდა განცხადება, რომ მე მივდივარ, მოსაყდრეს ვნიშნავ და მოსაყდრე აგრძელებს იმ პროცედურებს, რაც დებულებით არის განსაზღვრული“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

აშკარაა, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ამ განცხადებით პირდაპირი იერიში მიიტანა მოსაყდრე შიოზე და, შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც პატრიარქმა პირადად მოაწერა ხელი. ისიც აშკარაა, რომ მეუფე გრიგოლი იქნება ის, ვინც შიო მუჯირს საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, მან უკვე საარჩევნო კამპანიაც დაიწყო, რასაც მოწმობს მის ირგვლივ მღვდელმთავართა ბოლოდროინდელი და უცნაური კონცენტრაცია. მაგალითად, 7 თებერვალს, ფოთისა და ხობის ეპარქიას სინოდის გავლენიანი წევრები სტუმრობდნენ. საპატრიარქოდან ჩვენი წყარო გვიყვება, რომ იქ ჩასულმა მღვდელმთავრებმა მეუფე გრიგოლს მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე. რამდენიმე მათგანმა საკუთარი პოზიცია ღიადაც დააფიქსირა, ასე მაგალითად: 

„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ ეპარქიაში. გამოვხატავთ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმ ღვაწლის გამო, რომელიც აქვს მეუფე გრიგოლს არა მარტო ამ ეპარქიის, არამედ ჩვენი ეკლესიის წინაშე. ღმერთმა დალოცოს მისი მსახურება საქართველოს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში“, – აღნიშნა მეუფე აბრაამმა. 

„როდესაც ვეცნობით წმინდანების ცხოვრებას, ძალიან ბევრ საერთოს ვხედავთ მეუფე გრიგოლთან. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ეს ეპარქია და რა ხდება დღეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეუფე გრიგოლმა შექმნა ეპარქიის ეფექტური მართვის სისტემა. ამაზე დაშენდა მისი წარმატებული მატერიალური თუ სულიერი წინსვლა. ამას ყველა ხედავს. მართვის ეს სისტემა ყველასთვის მისაბაძია. გრიგოლის მმართველობა ნამდვილად მისაბაძი და მისასალმებელია“, – ეს კი მეუფე იობის სიტყვებია.

იმ დღეს ტაძარში, ამ საჯარო გამოსვლის გარდა, იყო არასაჯარო ნაწილიც... და როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სწორედ დახურულ შეხვედრაზე განიხილეს, მეუფე გრიგოლის გაპატრიარქების შესაძლებლობა. გარდა შეხვედრაზე მყოფი მღვდელმთავრებისა, სინოდში მეუფე გრიგოლს სხვა მხარდამჭერებიც ჰყავს, მათ შორის ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. 

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის შანსები და მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. „წინააღმდეგობა პატრიარქის გადაწყვეტილების მისამართით“ – „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ასე აფასებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მეუფე გრიგოლის ირგვლივ მიმდინარე კულუარულ პროცესებს. 

გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი:

– მეუფე გრიგოლს ნამდვილად აქვს კარგი დიპლომატიური ალღო, ინტელექტუალური რესურსი და პოლიტიკური გამჭრიახობა, მისი გამოცდილება და ადმინისტრაციული მართვის სტილი მართლაც დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, ანუ ბიოგრაფიული ლაფსუსები, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს. კონკრეტულად, ვგულისხმობ წარსულში მის პოლიტიკურ აქტივობას – მიხეილ სააკაშვილისადმი სიმპათიებსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიახლოვეს, რომელიც გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების პარალელურად მეუფე გრიგოლი, სამწუხაროდ, ავტორიტარული რეჟიმის, მოძალადე პრეზიდენტთან ერთად შებრძანდა ფოთის საკათედრო ტაძარში, თანაც „მიშა მაგარია“-ს სიმღერისა და სააგიტაციო პოსტერების ფონზე. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მეუფე გრიგოლი ერისკაცობაში გახლდათ ნასამართლევი, რაც ასევე უსიამოვნო და დამაბრკოლებელ ფაქტორად შეიძლება მიიჩნიონ. საზოგადოებრივ მეხსიერებაშიც ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს წინა ხელისუფლების მიმართ არსებული პიეტეტი, რომლის რეაბილიტაციაც ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.

– დიახ, ჩვენი ინფორმაციით, ის ქურდობის ბრალდებით იყო გასამართლებული, თუმცა ეს რატომ შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი, თუკი ადამიანმა მოინანია... ნასამართლევი პირისთვის საპატრიარქო ტახტის ჩაბარება მორალურად დააზიანებს ეკლესიის ავტორიტეტს?

– მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ნასამართლობაზე რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს. მეორე მხრივ, ეკლესიას „წმიდა დიდ სჯულის კანონში“ აქვს ამის მარეგულირებელი პრინციპიც, ე.წ. საღვთო იკონომია, რაც ნიშნავს გამონაკლისის სახით გულმოწყალებას და ცალკეული გადაცდომების შენდობას, თუკი სინანულის ხარისხი არის მაღალი. ეს შეიძლება სამართლებრივი პრობლემა იმდენად არ იყოს, რამდენადაც მორალური უხერხულობა. ის, რომ მართლაც გახდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მის მიმართ მუდმივად იქნება ეს სტიგმა, რამეთუ ავანსად, იდეაში, მაინც სასურველია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი იყოს ერთობ უმწიკვლო, უბიწო და ცოცხალი მაგალითი ყველასთვის. თუმცა აღსარების წყალობით ყოველი ადამიანის სულიერი ფერისცვალება შესაძლებელია.

– მის მთავარ კონკურენტზე რას იტყვით? არის კი ის უმწიკვლო და ცოცხალი მაგალითი ყველასთვის?

– მეუფე შიოს ბიოგრაფია იმდენად ბუნდოვანია, რომ მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე საუბარი ძალიან მიჭირს. ის გახლავთ კონსპირაციული ფიგურა, რომელიც ჯერჯერობით შეუცნობელია ქართველი საზოგადოებისთვის, თუმცა, როგორც მმართველი, ის ძალიან სუსტი და დაბალეფექტიანია. 15-წლიანი მღვდელმთავრული მოღვაწეობის პერიოდში არცერთ სულიერ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ სოციალურ პრობლემაზე მას თავისი საჯარო პოზიცია არ დაუფიქსირებია. ის მუდამ პასიური და ინდიფერენტული იყო. ამასთანავე, მისი შემოქმედებითი მხარე და ერუდიციული ნაწილიც ძალზე ვიწრო და შეზღუდულია. მითები მის განათლებულობაზე გადაჭარბებულია. ვფიქრობ, მეუფე შიოს პერსონის წინ წამოწევის ძირითადი ფაქტორი გახლდათ მისი ნომინალურ-სიმბოლური ძალაუფლება და პიროვნული ნატურა.

– მეუფე გრიგოლი თუ მეუფე შიო – როგორ ფიქრობ, ამ ორ ფიგურას შორის გაკეთდება არჩევანი, როდესაც დღის წესრიგში მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხი დადგება?

– დიახ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ორი გამოკვეთილი ლიდერი სახეზეა. ერთი მხრივ, მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია და ამავდროულად ჰყავს მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი. მინიმუმ, 15 მღვდელმთავარი უკვე მოიაზრება მის ბანაკში, ხოლო მეორე მხრივ პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე შიო, რომელიც აღიქმება ცალსახად პრორუსულ ძალად, რადგან მეუფე შიო ასოცირდება რუსეთის გავლენიან საეკლესიო თუ პოლიტიკურ წრეებთან. მას აქვს ხშირი კონტაქტი ადგილობრივ რუსულ ეკლესიასთან. რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის, ილარიონ ალფეევის საქართველოში ვიზიტიც არ მგონია შემთხვევითი. ამ მოვლენიდან დაახლოებით სამ კვირაში კათოლიკოს-პატრიარქმა გამოაცხადა მოსაყდრის ვინაობა, რაც ნამდვილად პროცედურული დარღვევებითა თუ კანონიკური კაზუსებით  მოხდა. როგორც ჩანს, კათოლიკოს-პატრიარქი შეგნებულად ერიდება სინოდის სხდომის დანიშვნას, რომელიც გეგმურად უკვე მეორედ არ ჩატარდა. რჯულის კანონი პირველიერარქს ავალდებულებდა, რომ კონსულტაციები გაევლო მღვდელმთავრებთან, თუმცა უცნობი მიზეზის გამო, მან ამჯობინა, ერთპიროვნული და იმპერატიული გადაწყვეტილება მიეღო. სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ სამყაროში საქართველოს ეკლესიას აქვს ყოველთვის რუსულ ორბიტაზე გაბატონებული პოზიციების მხარდამჭერი დამოკიდებულება. მეუფე შიოს მოსაყდრედ გამოცხადებაც ამ ხაზის სიმპტომატური გაგრძელებაა. 

– ანუ გინდათ თქვათ, რომ საბოლოოდ არჩევანი გაკეთდება პროდასავლურ და პრორუსულ შეხედულებებს შორის?

– სამწუხაროა, რომ ეკლესიაში პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით იყოფიან, მაგრამ ეს გახლავთ ჩვენი რეალობა. 

– თუმცა ცნობილია იგივე ურბნელი მიტროპოლიტის – მეუფე იობის მსოფლმხედველობა, რომელიც არ მალავს რადიკალურ და ზოგჯერ პრორუსულ განწყობებს... საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ის პროდასავლურ ძალად მიჩნეულ მეუფე გრიგოლის გვერდით? 

– დიახ, ეს საინტერესო და ერთი შეხედვით უცნაური ფაქტია, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მეუფე გრიგოლის ჯგუფი მოიცავს არა მხოლოდ პროდასავლურ და ლიბერალურ ეპისკოპოსებს, არამედ მოსაყდრის დასახელებით განაწყენებულ მღვდელმთავრებს. უფრო ზუსტი ფორმულირება იქნება, რომ ვთქვათ: მეუფე გრიგოლის გარშემო შეიკრა „ანტიშიო კოალიცია“, რომელიც აერთიანებს, ერთი მხრივ, იდეოლოგიურად საერთო ვექტორზე მყოფ ეპისკოპოსებს, მეორე მხრივ კი მოსაყდრესთან პირად დისონანსში მყოფ მღვდელმთავრებს. 

– სად მოიაზრებთ მეუფე იაკობს?

– მეუფე იაკობის პოზიციის პროგნოზირება ძალიან რთულია. მისი ბოლოდროინდელი განცხადებები დასავლურ ღირებულებებსა და პრორუსულ პროპაგანდაზე ცალსახად მიანიშნებს, რომ ამ მომენტისთვის ის იდეოლოგიურად უფრო მეუფე გრიგოლის განწყობებთანაა უნისონში, მაგრამ დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია, რადგან ის პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი პერსონა. 

– დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამიც (გარმელია), როგორც ჩანს, „ანტიშიო კოალიციის“ წევრია?

– დიახ, ის უეჭველად მხარს დაუჭერს მეუფე გრიგოლს. სხვათა შორის, მას პირადადაც ჰქონდა პატრიარქობის ამბიცია. კულუარულ წრეებში ამბობენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ბოლომდე არც მოხსნილა. მას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტირუსული და ანტისაპატრიარქოსეული განწყობები, თუმცა საზოგადოებასთან ნაკლები კომუნიკაციით გამოირჩევა. სხვათა შორის, მეუფე აბრაამი, მეუფე გრიგოლთან და მეუფე ზენონთან ერთად გახლდათ 2004 წელს პატრიარქის სახელზე დაწერილი მიმართვის ავტორი, სადაც ისინი რეფორმების ინიციატივით გამოდიოდნენ. ვგულისხმობ, სინოდის უფლებამოსილების გაზრდას და ეკლესიაში კრებითობის სისტემის დაბრუნებას. ასე რომ, გრიგოლსა და აბრაამს საერთო ხედვები და ინტერესები ჯერ კიდევ წლების წინათ ჰქონდათ. 

– „ანტიშიო კოალიციის“ ფონზე, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ პატრიარქის მოსაყდრე რეალურად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მან ვერ მიიღოს საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა?

– ეს სცენარი სავსებით მოსალოდნელია. მეტიც, გამორიცხული არ არის, რომ მან არჩევნებამდე საკუთარი ნებით დატოვოს დაკავებული თანამდებობა, ან სულაც ეპისკოპატის მიერ მისი გადაყენება მოხდეს, რადგან ის ისედაც დელეგიტიმირებულია და მას ძალიან გაუჭირდება მღვდელმთავრების არგუმენტაციის მოგერიება. მეუფე გრიგოლის მხარდამჭერებში მოიაზრება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეც. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე სახეზეა მონოლითურად ორგანიზებული კოლეგია.

– ციანიდის საქმემ რამდენად ითამაშა გადამწყვეტი როლი მთელ ამ პროცესში?

– ნებისმიერ შემთხვევაში ეს გახლავთ წყალგამყოფი. ნაწილს სჯერა, ნაწილს კი არ სჯერა ამ სკანდალის ნარატივის. არ ვიცი, მსჯავრდადებული რა დოზით და რა სიმძიმით არის დამნაშავე, რადგან მისი დამკვეთები გარეთ არიან. ვფიქრობ, რომ თავად დეკანოზი გიორგი მამალაძეც  მოლოდინის რეჟიმშია. მას აქვს სენსაციური კომპრომატები არაერთ მღვდელმთავარზე, მათ შორის პატრიარქის ძმისშვილ მეუფე დიმიტრიზე და ვინ იცის, კიდევ ვისზე. მოსაყდრე შიოსა და მეუფე დიმიტრის წლების განმავლობაში დიდად ჰარმონიული და შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ორი მღვდელმთავარი დღესაც მხარს უჭერს ისეთ ფუნდამენტურ, ფანატიკურ და ექსტრემისტულ ძალებს, როგორებიც არიან „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ და „ქართული იდეა“.