24 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს
პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს
თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს
წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა,
ინვაზიური მავნებლის განადგურების მექანიკური საშუალებები და მოსახლეობის ინფორმირებასთან
დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურისა და სურსათის ეროვნული
სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
„იმისათვის, რომ ფაროსანასთან ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია კოორდინირებული
მოქმედება. მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, აუცილებელია
საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირებულობა. უნდა შევქმნათ მოხალისეთა
ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი პრეპარატებით შეწამლავენ მიტოვებულ ოჯახებს და ეზოებს.
სახელმწიფო სტრუქტურებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და მოსახლეობამ ყველაფერი
უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ზარალი და მავნებლის გავრცელების
არეალი“ - აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას
მოიცავს: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგს და მავნებლის
საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა). მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება
100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის
ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა)
ავტომობილი.