ტრენინგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე


ქალაქ ხობში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლები ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგს მართავენ. მომხსენებელმა ტრენინგის მონაწილეებს დაფნის გამრავლების წესების, თესვის, ვეგეტაციის, პლანტაციის გაშენებისა და დაავადებებთან ბრძოლის საშუალებების შესახებ თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები გააცნო.
ტრენინგის დასრულების შემდეგ „ელკანას“ წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაფნის სადემონსტრაციო ნაკვეთს დაათვალიერებენ.
ღონისძიება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის“ (AMMAR) პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.