საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისიწინებული ღონისძიებების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
„2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს. „აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. უკვე ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი დასავლეთ საქართველოში. დღეს მოწვეული გვყავს რეგიონების ხელმძღვანელები იმისთვის, რომ კოორდინირებულად ჩავატაროთ საველე კონტროლის სამუშაოები. მობილიზებულია სრულიად სპეცტექნიკა და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიტოსანიტარიული შესაძლებლობები 2017 წელთან შედარებით რისთვისაც, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი დაფინანსება გამოყო. 100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს იმისთვის, რომ ჩვენი ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. ყველა ინფორმაცია თავს იყრის შტაბში და გადამუშავების შემდეგ იგეგმება საველე სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში იმუშავებს ხუთი საველე შტაბი, რომელთაც კოორდინაციას გაუწევს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი. ამავე დროს, უკვე დავიწყეთ საველე მონიტორინგის სისტემის განთავსება, რომელიც მთელს ტერიტორიას მოიცავს და 100 ათასი წერტილიდან მოხდება მონაცემების მიღება, რათა მავნებლის გავრცელების და პოპულაციის შესახებ გვქონდეს ოპერატიული ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფერმერებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.
ფერმერებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.