საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ ფერმერებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. ძირითადად ყურადღება გამახვილდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე. ფერმერებს მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებზე. ფერმერები განსაკუთრებული დაინტერესდნენ „შეღავათიანი აგროკრედიტი“ს ახალი ქვეკომპონენტებით(შეღავათიანი აგროკრედიტი და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის) შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის გულისხმობს შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის, შეღავათიანი აგროლიზინგის გაცემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად. 
ქვეკომპონენტების ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტი განისაზღვრება 7000 ლარიდან 1 500,000 ლარის ჩათვლით, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არაუმეტეს 66 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით. აგროლიზინგის ქვეკომპონენტის ფარგლებში კი, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიურ 12%-ს). პროექტით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურს შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის #189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858393.595858322.