USAID-ის წარმომადგენლებმა გამოკითხვა ჩაატარეს

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა-გამოკითხვა ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებთან,  სასურსათო უსაფრთხოების, თხილისა და სიმინდის მოსავლის რაოდენობის, ხარისხის, დაზიანებების და სხვა მაჩვენებლების შესახებ.

პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფa.  კერძოდ, გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების,  სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი.  პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას,  შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ - ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს  მომსახურების ცენტრებს,  მწარმოებლებს, სასაწყობე  საწარმოებსა და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.  პროგრამა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას  გრანტის მიმღებ  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.