პროფესიული კავშირის მიერ ორგანიზებული სემინარი ხობში

22 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს შეხვდნენ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებული შრომითი ნორმებისა და საჯარო მოხელეთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე, პროფესიული კავშირის იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა - თამარ სურმავამ დამსწრე საზოგადოებას, კანონთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე, პროფკავშირების პოზიციასა და შემდგომში, კანონის სრულყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. სემინარს საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.