28 დეკემბერს, ქალქ ხობში, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კულტურის სახლის წინ შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლები „კოლხეთი“ და „ოდოია, ქორეოგრაფიული ჯგუფები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები წარსდგნენ. „ძვირფასო ხობელებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2018 წელი ყოფილიყოს სიკეთისა და ბედნიერების მომტანი. თქვენს ოჯახებს მინდა ვუსურვო კეთილდღეობა, ხვავი და ბარაქა. ჩვენი ქვეყნის წარმატება თითოეული ჩვენგანის შრომაზეა დამოკიდებული. ამისთვის კი საჭიროა ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარი ნიჭი და ენერგია მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობისკენ. 2017 წელი, წარმატებული წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის - განხორციელდა არაერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდა. დღეს, ჩვენთან, ობიექტური მიზეზების გამო არ იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა; მე მინდა გადმოგცეთ მათი მოლოცვა. ჩვენ, დროსა და ენერგიას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ, ჩვენი მუნიციპალიტეტის იყოს ბევრად უკეთესი და წარმატებული“ - აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას მერმა, გოჩა ქაჯაიამ. სადღესასწაულო ღონისძიებაზე ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.