ენუქი თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ფეხბურთში

28 ნოემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სოკარის რეგიონალური თასის ფინალური შეხვედრები გაიმართა. საფეხბურთო ტურნირი ვეტერანი ფეხბურთელის, ენუქი თევზაძის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი და მასში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საფეხბურთო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველობის გამარჯვებული წალენჯიხის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეები გახდნენ, რომლებმაც ფინალურ შეხვედრაში მარტვილელი თანატოლები პენალტების სერიაში დაამარცხეს; ხოლო მესამე ადგილი აბაშელმა ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
საფეხბურთო ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო კვარაცხელია ესწრებოდნენ. 
ენუქი თევზაძემ ფეხბურთის თამაში მწვრთნელ მ. ხურციას ხელმძღვანელობით დაიწყო. 17 წლის ასაკში საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ხობის “კოლხეთში” ჩაირიცხა. საიმედოდ, სტაბილურად მოთამაშე ახალგაზრდა მცველმა მალევე მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება.
1978 წელს ენუქი თევზაძემ საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა. 1979 წელს იგი მეორე ლიგის ბინადარ ფოთის “კოლხეთში” გადავიდა და ოთხი წლის განმავლობაში იცავდა მის ღირსებას. მცირე ხანს თბილისის ასკ-ის რიგებშიც იყო.
1983 წლის სეზონში ენუქი თევზაძე უკვე უმაღლეს ლიგაში აღზევებული ქუთაისის “ტორპედოშია” და 27 მატჩში 2 გოლი გააქვს. 1984-1985 წლებში ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის “დინამოს” რიგებშია და 14 მატჩში მონაწილეობს. “დინამოდან”ლანჩხუთის “გურიაში” გადადის და გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში ეხმარება - 39 მატჩში 3 ბურთი გააქვს. მომდევნო წელს კი უმაღლეს ლიგაში - 29 მატჩში 2 გოლი. 1988 წლის ჩემპიონატში ენუქი ისევ “დინამოშია” და 7 მატჩს ატარებს ძირითადში. მომდევნო სეზონს იგი პირველლიგელ “ტორპედოში” იწყებს და 3 თამაშში ეხმარება ქუთაისელებს, მაგრამ მალე მეორე ლიგაში მოთამაშე ხობის “კოლხეთში” ბრუნდება და თავდამსხმელის ამპლუაში 26 მატჩში 15 ბურთი გააქვს და სათამაშო კარიერასაც იქ ამთავრებს, საიდანაც დაიწყო.

   გამარჯვებულთა დაჯილდოება 360° ვიდეო



ვიდეო