ხობის ისტორიაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი - „ყულევი“ (არქეოლოგია, ისტორია) გამოიცა, რომლის ავტორები: რევაზ პაპუაშვილი, გოგიტა ჩიტაია და იოსებ პაპუაშვილი არიან. მონოგრაფიაში სოფელ ყულევის მატერიალური კულტურის ის ძეგლებია თავმოყრილი, რომელთა ფიქსაცია და შესწავლა XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო; წიგნში განხილულია გეოგრაფიული გარემო, საისტორიო წყაროები და არქეოლოგიური კვლევის ისტორია. ნაშრომის ძირითადი ნაწილი 1999-2006 და 2012 წლებში ჩატარებული საველე კვლევა-ძიებისას მიღებულ შედეგებს ეფუძნება.
ყულევის ტერიტორიაზე ცხოვრების ხანგრძლივი კვალი (ძვ. წ. II ათასწლეულიდან დღევანდელობამდე) ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა გაშუქებული. არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული არტეფაქტები სხვა მონაცემებთან ერთად, ამდიდრებენ კოლხეთის ძველსა და ახალ ისტორიას, მნიშვნელოვნად განაპირობებენ მის ობიექტურად აღქმას.
ნაშრომი კოლხეთის ისტორიით, არქეოლოგიით და ზოგადად, ამ მხარის წარსულით დაინტერესებული საზოგადოებისათვისაა გათვალისწინებული.