ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად, 2200 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. დღეის მდგომარეობით შესრულებულია სამუშაოს 65 პროცენტი.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 560000 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 20 მუშახელი.
პარალელურად - ყულევის, საგვიჩიოს, პატარა ფოთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ზემოთაღნიშნული გზების რეაბილიტაციაზე 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და ჯამურად, 24 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის (ბეტონის) საფარი.