„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხამისკურის (საკუკაოს უბანი), თორსა-დღვაბისა (ცენტრის უბანი) და ხეთის (წინაგოლა) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ, საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხამისკურში - ვასილ კუკავაა; თორსა-დღვაბაში - მზია ლემონჯარია, ხოლო ხეთაში - აბელ ქირია. „ჩვენი მიზანია ყველა სოფელში იყოს გზა და საბავშვო ბაღი კეთილმოწყობილი. ხამისკურში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება, ხოლო ხელოვნურ საფარიანი მინი-სტადიონის კეთილმოწყობა დასკვნით ფაზაშია; ხეთაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - დასახლებების გაზიფიცირება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს; ხეთაში ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღს, რისთვისაც 390 ათასი ლარია გამოყოფილი. თორსაში დაგეგმილი გვაქვს გზის მოასფალტება. ხობში წლის ბოლომდე გაიხსნება აკრედიტირებული პროფესიული სასწავლებელი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა საჭირო პროფესიას დაეუფლებიან და კვალიფიკაციის დამადასტურებელ სახელმწიფო დიპლომს მიიღებენ. კოლეჯის ამოქმედება ერთიორად მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ანაკლიაში იწყება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც ბუნებრივია შრომის ბაზარზე გაზრდის მოთხოვნას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე“ - აღნიშნა გოჩა ქაჯაიამ. ხეთაში - გარემონტდა საჯარო სკოლა, წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა ნახევარ მილიონამდე ლარი, ბარათაშვილის ქუჩაზე და ოხვამეკარში დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები. ხამისკურში - გარემონტდა საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა, აშენდა ხიდბოგირები და შეკეთდა სამანქანე ხიდი; 212 ჰექტარ ფართობზე გაიწმინდა 15940 მეტრი არხი და მოეწყო 18 მილ-ხიდი.