სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგელის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე არჩაია უძღვებოდა. 
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა:
1. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
2. წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მუშაობის 6 თვის ანგარიშის განხილვა.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების და მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილთა შესახებ. 
სამოქალაქო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულთა და პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილთა რიცხოვნობით. სამსახურის უფროსის, ზაზა კუპრეიშვილის განმარტებით - 2017 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, სამსახურის მიერ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილია 188 ჭაბუკი; ხოლო სავალდებულო სამსახურში გაწვეულია 18-დან 27 წლამდე ასაკის 41 წვევამდელი.
საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და წარადგენს სამოქალაქო ინიციატივებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.