აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობისთვის პრეპარატების და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაცემა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტში შესაწამლი პრეპარატები 12919 ოჯახს გადაეცემა. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა.