დეკანოზი ილია ლომაია
ხობის სამთავარხუცესოს წინამძღვარი,
ხობის (ნოჯიხევის) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტრის მოძღვარი.
წერილი, რომელსაც აქტუალობა არ დაუკარგავს!
ეს წერილი 2016 წლის მიწურულს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ იმ იმედით, რომ 2015 წელს ზუგდიდის ეპარქიაში ხობის სიწმიდეებთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციები საგანგებო განხილვისა და საგანი გახდებოდა როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, დღეს უკვე აშკარაა, რომ არ ეგების დუმილი და პასუხის გაუცემლობა იმაზე, რაც ხობის სიწმიდეებთან დაკავშირებით ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში ხდება. ვის და რაში სჭირდება საზოგადოებაში შფოთის შეტანის ფასად მოპოვებული ან შენარჩუნებული ავტორიტეტი?! აშკარაა და ცხადი, რომ ამ წერილს აქტუალობა ჯერ არ დაუკარგავს.
ხობის მონასტერი, ქართული ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის უძველესი კერა დღემდე იმის მოლოდინშია, რომ კვლავ ეღირსება, თუნდაც ერთი დღით, უმასპინძლოს სიწმიდეებს, რომლებსაც ლოცვითა და რუდუნებით მიეახლებოდნენ და საუკუნეთა განმავლობაში ინახავდნენ მონასტრის მკვიდრნი, ვითარცა ქართველი ერის უძვირფასეს საგანძურს.
სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ცალკე საერო და ცალკე სასულიერო პირები ვცდილობდით მეუფე გერასიმესთან მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რათა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები ერთი დღით გადაგვებრძანებინა ხობის მონასტერში. ჩვენს მცდელობებს დადებითი შედეგი არასდროს მოჰყოლია. აღნიშნულ საკითხზე 2015 წელს პირველად მივმართეთ სახელმწიფოს და საპატრიარქოს. კულტურის სამინისტრომ მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობისთვის, უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმაც ცრულიად საქართველოისა მოგვცა კურთხევა. ალბათ გახსოვთ ჩვენს თხოვნას მეზობელ ეპარქიაში რა პროცესები მოჰყვა. ეპარქიის სასულიერო დასის ხელმძღვანელობით და საზოგადოების გარკვეული ნაწილის აქტიურობით მოხდა ხალხის შეცდომაში შეყვანა, საპროტესტო აქციების მოწყობა, მუზეუმის ბლოკირება. საპროტესტო აქციებში აქტიურ მხარდამჭერად ვიხილეთ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც (დღეს ზოგიერთ მათგანს პარლამენტის დეპუტატებადაც ვხედავთ). შედეგად მივიღეთ ის, რომ ვერ შედგა ხობის სიწმიდეთა გადასვენება მის იტორიულ სამკვიდროში სულ რაღაც ნახევარი დღით (დილიდან საღამომდე).
მინდა გავიხსენო და მოვყვე იმის შესახებ, რაც ფართო საზოგადოებამ შესაძლოა არ იცის. 2015 წლის 14 სექტემბერს ხობის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მისი უწმინდესობისგან მიიღეს კურთხევა ერთი დღით სიწმინდეების ხობის მონასტერში გადასვენებაზე.. მოგვიანებით კი, 16 სექტემბერს, იმ მიზნით, რომ შეთანხმებულად მომხდარიყო სიწმინდეების გადაბრძანება, შეხვდნენ მეუფე გერასიმეს, შეხვედრაზე რამდენჯერმე ითქვა, რომ ზუგდიდის საზოგადოება წინააღმდეგი იყო სიწმინდეების გადაბრძანებაზე. ხობის საზოგადოების წარმომადგენელთაგან გამითქვა სურვილი: შევხვდებით იმ ადამიანებს ვისზედაც ამბობთ, რომ წინააღმდეგნი არიან; შეკითხვაზე - თუ ისინი თანახმა იქნებიან, თქვენ ხომ არ იქნებით სიწმინდეების გადმობრძანების წინააღმდეგი? შეხვედრის მონაწილე დეკანოზმა გიორგი ჯგუშიამ (ზუგდიდი), ბრძანა: ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით; მეუფე გერასიმეც დაეთანხმა ამ აზრს.
მეორე დღეს, 17 სექტემბერს მოვლენები უცნაურად განვითარდა. დილით მეუფე გერასიმე გაემგზავრა თბილისში, როგორც თვითონ ბრძანა პატრიარქთან შესახვედრად. პარალელურად ქალაქ ზუგდიდში სასულიერო პირების მეშვეობით დაიწყო ხალხის მობილიზება საპროტესტო აქციის მოსაწყობად, რაც აქტიურად გაშუქდა საინფორმაციო მედიაში. ამ დაძაბულობის შექმნით მათ მოახერხეს კათოლიკოს-პატრიარქზე ზეწოლის მოხდენა და კურთხევის შეცვლა.
22 სექტემბერს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო „მხოლოდ საპატრიარქოს შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს თანხმობას მუზეუმიდან ნივთის დროებით გატანაზე“.
იმავე 2015 წლის ნოემბერში ხობის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს კათოლიკოს-პატრიარქს და წმიდა სინოდის წევრებს, მათ შორის მეუფე გერასიმესაც. მოგვიანებით კი პირადად შეხვდნენ კათოლიკოს-პატრიარქს, გადასცეს წერილი და სიტყვიერად გააცნეს შექმნილი ვითარება. ისინი ითხოვდნენ სინოდის წევრთაგან შექმნილიყო კომისია, რომელიც შეისწავლიდა საკითხს და შეაფასებდა მომხდარს. ასევე, მიეღოთ განჩინება, რომ ყველა სიწმინდე დაბრუნებოდა იმ ეკლესია-მონასტრებს, საიდანაც უღმერთო ხელისუფლების მიერ იქნა გატანილი. მომდევნო სინოდის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა და მხოლოდ მოგვიანებით, 2016 წლის 22 დეკემბრის სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული დადგენილება, რომლის თანახმად მუზეუმიდან სიწმიდეების ეკლესიაში დროებით გადაბრძანების საკითხთა დარეგულირება-უზრუნველყოფა დაევალა საპატრიარქოს სიწმიდეთა მოძიების განყოფილებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.
წელს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიამ, ტრადიციულად, მიმართა სამინისტროს სიწმინდეების გადმობრძანებასთან დაკავშირებით; საკითხმა არ დააყოვნა და მიიღო კიდეც თანხმობა სამინისტროდან და საპატრიარქოსგან. 2016 წლის 28 ივლისს, იგივე რიგითობით მიმართა ფოთისა და ხობის ეპარქიამ კულტურის სამინისტროს, სამინისტრომ კი - საპატრიარქოს. ამ შემთხვევაში პასუხმა დააყოვნა, რის გამოც აგვისტოს დასაწყისში განმეორებითი წერილი გაიგზავნა კულტურის სამინისტროში და ამჯერად უკვე მყისიერი პასუხი დაბრუნდა სამინისტროდან (N05/08/-3476, 04.08.2016.) რომელშიც ჩანდა, რომ სამინისტრო ელოდა საპატრიარქოს პოზიციას და ამიტომ აგვიანებდა პასუხის გაცემას. 16 დღის შემდეგ, 25 აგვისტოს, ინტერნეტის საშუალებით გახდა ცნობილი საქართველოს საპატრიარქოს პასუხი კულტურის სამინისტროს მიმართ (N1126, 25.08.2016.). უცნაური ამ წერილში იყო შემდეგი:
1) საპატრიარქო გვთავაზობს კომისიის შექმნას, რასაც ჩვენ 2015 წლის ნოემბრიდან ვითხოვდით და არავინ მოგვისმინა; ცხრა თვე ამ პრობლემის დასარეგულირებლად რა გაკეთდა არ ვიცით (გაახსენდა კი ვინმეს აგვისტომდე?).
2) ვერ მივხვდით ვინ უნდა შექმნას კომისია; წმინდა რელიქვიები და სიწმინდეები სახელმწიფოს მიერ ცალსახად ეკლესიის საკუთრებად არის აღიარებული. ეს საკითხი შიდა საეკლესიო საკითხად მიგვაჩნდა და ამიტომ ვითხოვდით შექმნილიყო კომისია წმინდა სინოდის წევრებისგან. ახლა გვთავაზობენ, რომ კომისია შეიქმნას სახელმწიფოს, მუზეუმის, კულტურის სამინისტროს (რომელთაც თავიანთი პოზიცია ყოველთვის მკაფიოდ ჰქონდათ ჩამოყალიბებული), საპატრიარქოს (რომლის პოზიციაც ვერ გავიგეთ როგორია), ორივე ეპარქიის ინტელიგენციის და საერთოდ საზოგადოებაში დაფასებული პირების (რომელთაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ ამ საკითხზე) მონაწილეობით.
3) მაშინ, როცა მილიონიანი აუდიტორიისთვის ხდება გასაჯაროვება იმ წერილისა, რომელშიც საპატრიარქო გვირჩევს თავი შევიკავოთ სხვა რაიმე განცხადების წინასწარ გახმოვანებისა და პოზიციის დაფიქსირებისგან. თუ ეს წერილი არ იყო საზოგადოებისთვის განკუთვნილი, შეიძლებოდა სამინისტროსთვის მისი ფოსტით გაგზავნა. ხალხიც არ გაღიზიანდებოდა და შეფასებებიც არ გაკეთდებოდა.
4) საპატრიარქო არ ამბობს ვინ არის შფოთისა და დაპირისპირების მიზეზი. თითქოს ერთის მხრივ გვეუბნება, რომ კვართისა და `სიწმინდეების გადასვენება უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით, მშვიდობიანად~, მაგრამ არაფერს ამბობს ხელისშემშლელ მიზეზებზე.
აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში ადგილი არ ჰქონია საპროტესტო გამოსვლებს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ წინა წლის პროცესები ცალკეული სასულიერო და საერო პირების მიერ იყო შეგნებულად პროვოცირებული და ხალხი შეცდომაში შეყვანილი.
ახლა მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის გაზეთ „საფარველის“ (გაზეთი გამოდის ადგილობრივი მღვდელმთავრის კურთხევით) მიმდინარე წლის ივლისის თვის ნომერში დაწერილ რამდენიმე სტატიაზე. ეს ეხება გაზეთის სარედაქციო წერილს, სადაც დანართის სახით არის ჩამატებული ქალბატონ სვეტა მიქავას 14 ივლისის მოხსენების ტექსტიდან - „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი „წმიდა სამოსელის“ დაფარული ისტორია“ და - იოსებ მუნიოსის უკანასკნელი ინტერვიუ.
ამონარიდი გაზეთ „საფარველის“ რედაქციის წერილიდან: „სასულიერო იერარქიაში უპირველესი და უპირატესია მისი უწმინდესობა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი, საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II. პატრიარქის ყოველი ქადაგება სიბრძნის, კაცთმოყვარების, სიყვარულის ზეიმია, მცდელობაა ერში ურთიერთპატივისცემა და მშვიდობა იყოს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გარკვეულმა ამბიციურმა ჯგუფმა მოიწადინა წაპოტინებოდა სიწმინდეს, რომლის არათუ კაცთა სურვილისამებრ გადაადგილება, მიახლებაც კი მოწიწებითა და სუფთა გულით უნდა ხდებოდეს. ამით გამოაშკარავდა ღვთისუშიშობა და უპატივცემლობა უწმიდესის სიტყვებისა, რომელიც მან 2007 წლის 3 ივნისს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში წარმოთქვა:
„მე მინდა გამოვთქვა დიდი სიხარული, რომ თბილისში გაკეთდა მოსათავსებელი ლუსკუმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პერანგისა და დღეს ჩვენ დავასვენებთ ამ ჭურჭელში, ამ ლუსკუმაში და ამიერიდან ეს ლუსკუმა თავისი პერანგით, წმიდა ნაწილებით იქნება ზუგდიდში და დღესასწაულებზე გვექნება საშუალება, რომ აქ ვემთხვიოთ“.
ზემოთ გავიხსენეთ 2015 წლის სექტემბერში მომხდარი მოვლენები. მინდა ვკითხო გაზეთის რედაქციას, როდის არიან ღვთისმოშიშები და როდის არის მათთვის პატრიარქის სიტყვა საპატივცემულო? როცა მათთვის სასურველს ამბობს მაშინ თუ ყოველთვის? ვინ შეიყვანა პატრიარქი შეცდომაში? როდის სცადეს მის უწმიდესობის მოტყუება, როცა მას დაუმალეს სიმართლე ხობის მონასტრის სიწმინდეების შესახებ, თუ როცა ხობის მონასტერს მისცა კურთხევა სიწმინდების გადმობრძანებაზე? ვინ არის ამბიციური, მკრეხელი და ა.შ.? ის, ვინც ცდილობს დაისაკუთროს წმინდა რელიქვიები და სიწმინდეები სიცრუის გავრცელებით, შფოთის მოწყობით, პატრიარქის შეცდომაში შეყვანით და მასზე ზეწოლის მოხდენით, თუ ის, ვინც ცდილობს უღმერთოთა მიერ დანგრეულის, წართმეულის და გაფუჭებულის აღდგენას, დაბრუნებას და გამოსწორებას? წლებია სიწმინდეებს გადააბრძანებთ როცა გინდათ და რამდენჯერაც გინდათ კულტურის სამინისტროს თანხმობით და ჩვენ გვეუბნებით არ შეიძლება კაცთა სურვილისამებრ გადაადგილდება. თქვენს მიერ გაგზავნილ წერილებს სამინისტროში თუ საპატრიარქოში ადამიანები არა აწერენ ხელს? სად არის თქვენს მსჯელობაში ლოგიკა? თქვენს წერილში წერთ: “...თუ ქრისტიანებად ვიწოდებით, თუკი მართლმადიდებლობას ვიჩემებთ და ვიფერებთ, მოვიქცეთ სწორედ ისე, რომ გავამართლოთ ეს წოდება – ქრისტე სიყვარულია და ჩვენც `ვიყვარებოდეთ ურთიერთას...~. შეგიძლიათ ერთი ფაქტი მაინც გაიხსენოთ, როცა მონასტერი შეეწინააღმდეგა სიწმინდეების მუზეუმიდან ზუგდიდის ტაძარში გადმობრძანებას?! პირიქით, წლებია მეზობელი ეპარქიიდან უარის, შეურაცხყოფის და დამცირების მეტი არაფერი გაგვიგია. ვინ აგიკრძალათ მართლმადიდებლურად მოქცევა და მოყვასის სიყვარული?!
ქალბატონი სვეტა თავის მოხსენების დასაწყისში წერს: „...მტკიცება, თითქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე, რომელიმე მონასტრის, ან ტაძრის კუთვნილებაა – მკრეხელობად მიგვაჩნია“. ამ აზრს ის რამდენჯერმე უსვამს ხაზს მომხსენებაში. სიწმინდეების ჩამობრძანებაზე წერს: „მათი (ლევან მე-2 დადიანის და ნიკიფორე ირბახის), დამსახურებაა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეების ფლობა... დიახ, „კოცხერი“ (კორცხელი) იერუსალიმის მეტოქი (ფილიალი) გახდა, მისი გამგებელი, არქიმანდრიტი ნიკიფორე, რომელმაც სავარაუდოდ, იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლის გავლით ჩამოაბრძანა სიწმინდე, დააბრძანა ღმრთისმშობლის მიძინების „კოცხერის“ მონასტერში და იქიდან გადაასვენებდნენ მთავრის ბრძანებით“. მოგვიანებით, მეცხრე გვერდზე წერს: გულჩინა აკოფაშვილის წიგნში, „ქართველი დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ირბახი“, ვკითხულობთ: „30 აპრილს, ნიკოლოზს (1639 წელი, ხოფის ტაძრის წინამძღვარია) ელჩები ეწვივნენ ხოფის მონასტერში, აჩვენა ღვთისმშობლის პერანგი და წმინდანთა – კვირიკესა და წმ. მარინეს წმინდა ნაწილები. ეკითხებიან: ვის მიერ არის ჩამოტანილი? ირბახი პასუხობს: მე დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თანამდბობაზე და არ ვიცი, ვის მიერ არის ჩამოტანილი“. როგორც ჩანს ნიკიფორე ირბახმა არ იცოდა(!) მომავაში რას დაწერდა ქალბატონი სვეტა თავის მოხსენებაში და ამიტომ გასცა ელჩებს ასეთი პასუხი;
როდის ამბობს ქალბატონი სვეტა მართალს, როცა თავის სურვილებს გადმოსცემს მაშინ, თუ როცა ისტორიულ წყაროებს გვერდს ვერ უვლის, მკითხველისთვის მიგვინდვია.
ამონაწერი მონრეალის ივერიის ღვთიმშობლის ხატის მცველ იოსებ მუნიოსის უკანასკნელი ინტერვიუდან:
„ბევრი ადამიანი თვლის, რომ ხატი თქვენი საკუთრებაა და თქვენ როგორც გსურთ, ისე წყვეტთ, მის ადგილმდებარეობას. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს და ასეთ ადამიანებს როგორ უპასუხებთ?
- ეს ასე არ არის. მე მარტოოდენ ხატის მცველი როდი ვარ. ხატი მხოლოდ მე რომ მეკუთვნოდეს, სახლში მშვიდად დავჯდებოდი. ... როცა სასწაული აღსრულდა, მაშინ ბევრი მიიჩნევდა, რომ ხატს მონრეალი არ უნდა დაეტოვებინა, რამეთუ სწორედ მონრეალში დაიწყო ეს სასწაული. მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ უნდა წავიდეთ ადამიანებთან შესახვედრად. მე არასდროს მითქვამს უარი რომელიმე სამრევლოსთან შეხვედრაზე, როცა ეს ჩემზე იყო დამოკიდებული“ (#6, ივლისი, 2016წ. გაზეთი „საფარველი“, გვ. 15).
საინტერესოა ეს ინტერვიუ (სიტყვები) გაზეთ „საფარველის“ ფურცლებზე ღვთიმშობლის ნებით მოხვდა თუ კაცთა ნებით?
იოსებ მუნიოსი არასდროს ამბობდა უარს სიწმინდეების სხვადასხვა სამრევლოში გადაბრძანებაზე და სიცოცხლის ბოლომდე, სანამ ქრისტეს მტრები არ მოკლავდნენ მას, იგი ამ ხატის მცველი იყო.
რაც შეეხება საკუთრების საკითხს.
2006 წელს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის თხოვნას კულტურის სამინისტროს მიმართ, წმინდა ნაწილები გადაეცათ მათი ეპარქიის მფლობელობაში, დადებითი პასუხი მოჰყვა სამინისტროს მხრიდან, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ საკითხი ეხებოდა ხობის მონასტრიდან წაბრძანებულ სიწმინდეებს კულტურის სამინისტრომ გააუქმა თავისი ბრძანება და ეპარქიის მიმართ მიწერილ წერილში ხაზგასმით მიანიშნა: მუზეუმში დაცული წმინდა ნაწილები და წმინდა რელიქვიები ზუგდიდის მუზეუმში შემოვიდა ხობის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან. „აქედან გამომდინარე, მუზეუმში დაცული საეკლესიო სიწმინდეების ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისთვის გადასაცემად, აუცილებელია ფოთის ეპარქიისა და ხობის მონასტრის თანხმობები“. ამ პასუხის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად (ეს ტერმინი გამოყენებულია შეთანხმების ტექსტში) ცნობს არა მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს, არამოქმედს), მათ ნანგრევებს, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული (მუხლი 7.1), არამედ სახელმწიფო დაცვაში მყოფ (მუზეუმებში, საცავებში) საეკლესიო საგანძურს (მუხლი 8.1). მეტიც, იმავე დოკუმენტის მიხედვით, თუ გარკვეული ნაწილი საგანძურისა ერთობლივ მფლობელობაში დარჩა, სახელმწიფო წმინდა ნაწილებსა და წმინდა რელიქვიებს ცალსახად ეკლესიის საკუთრებად აღიარებს (მუხლი 8.2).
უცნაურია, მაგრამ ზუგდიდის ეპარქია კულტურის სამინისტროში გაგზავნილ წერილში თხოვნის საფუძვლად მიუთითებს კონსტიტუციური შეთანხმების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს, ხობის მონასტერს კი მკრეხელობად უთვლის იმის თქმას, რომ აღნიშნული წმინდა რელიქვიები და წმინდა ნაწილები ხობის მონასტრის სიწმიდეებს წარმოადგენს.
წმინდა რელიქვიის სახელწოდების შესახებ.
რა ჰქვია მას: სამოსელი თუ კვართი (პერანგი)?
თუ ადამიანს სხვა მიზნები არ ამოძრავებს ამის გარკვევა ადვილია: კიდობანს, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ესვენა ეს სიწმინდე აქვს ორი შემამკობლის მიერ სხვადსხვა დროს გაკეთებული წარწერა. ერთი ეკუთვნის მალაქია გურიელს (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი 1616-1639წ.წ.). მეორე წარწერა გაკეთდა ლევან II დადიანის მიერ თავის გარდაცვლილი მეუღლის ნესტან-დარეჯანის სულის საოხად: „ ...შევამკე და მოვაჭედინე კვართისა კუბო ესე... მოიჭედა კვართის კუბო ესე ქორონიკონსა – 1640 წ.“ ყველა ისტორიული წყარო (აქედან მხოლოდ ორია ქართული, უმრავლესობა უცხოური) ხობის მონასტერში დაცულ წმინდა რელიქვიას უწოდებს კვართს ან პერანგს და არა სამოსელს (სამოსელი ეს ზოგადი სახელწოდებაა). უწმინდესი და უნეტარესიც ხომ პერანგს უწოდებს. იმიტომ ხომ არ ცდილობთ ამ ტერმინის დამკვიდრებას, რომ ლეგიტიმური საფუძველი მისცეთ თქვენს წამოწყებას - გააუქმოთ ხობის მონასტერში სასწაულებრივად დადგენილი ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული და თავად შექმნათ ახალი, ბერძნული ანალოგის მიხედვით.
ისმის კითხვა: სასულიერო დასი, რომელსაც ერის სულიერ-ზნეობრივი აღზრდა და მანკიერებების აღმოფხვრა ევალება, რითია დაკავებული?