თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო
ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ გამოცემული წიგნის: „საგზაო მოძრაობა - რატომ ვატარებთ მანქანას ისე,
როგორც ვატარებთ“ პრეზენტაცია გაიმართა. ტომ ვანდერბილთის წიგნში მანქანის ტარების მანერასა და პირის ფსიქოტიპს შორის მჭიდრო კავშირზეა
საუბარი. ავტორის აზრით, საკმარისია, დავაკვირდეთ
ადამიანს მანქანის ტარების პროცესში და გავიგოთ, როგორაა მოწყობილი მისი ტვინი, როგორ
ურთიერთობას ამყარებს ის, ზოგადად, გარესამყაროსთან. საგზაო მოძრაობა გაცილებით მეტია,
ვიდრე თქვენ გგონიათ, ის ძალიან ნათლად წარმოაჩენს ადამიანურ ბუნებას. ეს წიგნი სრულიად
ახალი თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს და მთელ მსოფლიოს. და ვინ იცის? იქნებ უკეთეს
მძღოლებადაც გაქციოთ?
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას მათ მიერ
გამოცემული წიგნების ეგზემპლარები უსასყიდლოდ გადასცეს.
"რადარამი" ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით
აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის
წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.