იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ბრალდებული პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა ხობის რაიონის სოფელ თორსაში აქცია გამართეს. ისინი მსჯავრდებულის საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვენ. მათ გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასგან პირობა მიიღეს, რომ სიტუაციაში საღამომდე გაარკვევენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ნანეიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებითა და ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
პაპუნა ნანეიშვილი სამართალდამცავებმა ერთი წლის წინ დააკავეს. მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ახლობლების მტკიცებით, ნანეიშვილს იარაღი უკანონოდ ,,ჩაუდეს''.