ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს წევრი თენგიზ აბაკელია ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
„სოფლის სასაფლაოს ცენტრში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კედლები, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა, მისი სიგრძე 18, სიგანე 12 მეტრია, კედლის სისქე კი ერთ მეტრამდე აღწევს. ხალხი მას „ჩეოხვამესაც“ ეძახის, რაც თეთრ სალოცავს ნიშნავს. აქვს გამოშვერილი სამნავიანი საკურთხეველი, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში პატარა ნიშებია, ტაძარს აქვს სამი კარი და შვიდი სარკმელი, რომლებიც მართკუთხა აგურებით ლამაზადაა მოჩარჩოებული, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებს აქვს აგურებით გამოყვანილი სამ-სამი დეკორატიული თაღი და ნახევარსვეტი. ჭერი ოთხ სვეტს ეყრდნობოდა. აშენებულია მოზრდილი რიყისა და ფლეთილი კირქვებით, კირქვის კვადრები კი მხოლოდ კუთხეების ამოსაყვანადაა გამოყენებული
1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. ტაძარს კომკავშირლები საპატიმროდ იყენებდნენ, შემდეგ კი კლუბი გაუხსნიათ“ (გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007წ.).