საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში აფხაზეთიდან დევნილი შონიების ოთხსულიან ოჯახს ესტუმრნენ, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. აფხაზეთის ომის მონაწილე მალხაზ შონია, სახლთან ერთად, თხილისა და დაფნის ბაღების მესაკუთრე გახდა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცევა.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.