19 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან
სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების
წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე.
გამგებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტიქიის შედეგებზე და ადმინისტრაციულ
ერთეულებში მიმდინარე პროექტებზე - „წინა წლების მსგავსად, წელსაც არაერთი
მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სამუშაოები
დაწყებულია ქალაქ ხობის ხუთ ქუჩაზე, პირველი მაისისა და პატარა ფოთის
ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხოლო საჯიჯაოში, ქ. ხობში გამსახურდიას ქუჩაზე და
ქვემო ქვალონში გზების კეთილმოწყობა დასრულდა. ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი
ზარალი მიაყენა ჩვენს მუნიციპალიტეტს. უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში
მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ
ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო
სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი, ხიდბოგირები და საავტომობილო გზის გარკვეულ
მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. მთავრობის დახმარებით ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის
მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება“ განაცხადა გამგებელმა.