ა-
ორი ირაკლი შონია მყავს მეგობარი. ერთი - სახელოვანი ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი, ეროვნულსულოვანი, ჩემი სტუდენტობის დროინდელი ძმა- ზუგდიდელ- თბილისელი და მეორე - ხობელი, ფოტოხელოვანი, მხატვარ - გრაფიკოსი.. ორივეს ძალიან დიდ პატივს ვსცემ, მაგრამ ამჯერად ამ უკანასკნელზე უნდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.
ირაკლი ყოველთვის გამორჩეული ახალგაზრდა იყო, რწმენა-ჯეროვანი, თავისთავში ჩამყუდროებული, განსხვავებული ინტერესების და ხედვის შემოქმედი. იმთავითვე მოხიბლული გახლდით მისი გრაფიკული ნიმუშებით, ღრმა აზროვნებიდან ამოხაზული საინტერესო შუქ-ჩრდილებით. განსაკუთრებით კი - უფლის სათნოებით აღვსილი თვალებით, რომელიც მისი ნამუშევრების უმრავლესობას რეფრენივით გასდევს და ქვესკნელიდან ზეცისკენ მომზირალი ანგელოზის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველა მისი ნახატი, რომლის დათვალიერების საშუალებაც მომცემია, ბუნებასა და გარესამყაროზე ადამიანის უშუალო ზემოქმედებით განხორციელებული შემოქმედებითი მიდგომების შედეგია. ძველი ბერძენი მოაზროვნის პროტაგორისა არ იყოს, შემოქმედი არის ყველა საგნის საზომი: არსებულისა, რომ ის არსებობს და არ არსებულისა, რომ ის არ არსებობს.
გრაფიკას, ფერწერაზე უწინარესად, ჩემი დაკვირვებით, ძალუძს მკაფიო ხაზის გავლება არსებულსა და არარსებულს შორის, სადაც ხარობს თუ მსვენარებს პოეტური აღმაფრენა, ღრუბლის ნაგრილივით ჯანღიანი, თუმცა კრიალა და უსაბამო. ამის აღქმა და სხვებამდე მიტანაა ოსტატობა. სწორედ ამას სჭირდება მხატვრული განზოგადება და ოსტატური სისადავე.
თითოეული შემოქმედი ორიგინალურად კითხულობს საგანს. საკუთარი მსოფლგაგებისა და მსოფლმხედველობის შესაბამისი მხარეების აქცენტებით. ზოგან რომანტიკული განწყობილება მძლავრობს, ზოგან რეალისტურ- დრამატული. ეს განაპირობებს კიდეც ფერთა სიმუქესა თუ სინათლის სიჭარბეს. თითოეული ცდილობს მისეულად გახსნას საგნის, ობიექტის შინაგანი სამყარო ინდივიდუალურის ტიპიურში გადასვლით. ამ კუთხითაცაა ირაკლი შონიას ნახატები საყურადღებო, მას აქვს მისეული ხერხი - ინდივიდუალურის ტიპიურში გადასვლისა და საკუთარი ხელწერის დამკვიდრებით მიაღწიოს ესთეტიკურ სიმაღლეს!
ბ-
ცალკე განხილვის თემაა ირაკლი შონიას ფოტოგრაფიული ნიმუშები. ის შეჩერებული წამის დიდოსტატია. მან იცის სამყაროსა და ადამიანის შეფასების ზუსტი წერტილები. იცის როდის შეაჩეროს წამი და როგორ დაუსვას მას მარადიულობის მრავალწერტილი .
როდესაც უყურებ მის ფიქრიან სურათებს და კითხულობ მათ, ხედავ ნიჭიერების ნაღდი ამოფრქვევა, როგორ ამსხვრევს ჟანრობრივ არტახებს და ოცნების თეთრი გემივით როგორ შეიჭრება კაცობრიობის თვალუწვდენელ ოკეანეში. მის შემოქმედებაზე თავისუფლად შეიძლება იმის თმა, რომ მან შესძლო იმ ფუნქციის შესრულება, რომლისთვისაც მოწოდებულია აღქმითი სუბსტანცია და მისი ცნება. ამ ახალგაზრდა ხელოვანს ბევრისგან განსხვავებით გააჩნია ზნეობრივი იდეა - მრწამსისმიერი უშუალობით. ეს მრწამსი ისევ და ისევ გამომსახველობითი ხაზების სინატიფეა, რომელსაც ასე ადვილად აღწევს ოსტატობის ხარჯზე.
გ-
შემოქმედებით ცხოვრებას, რომელიც დაგამკვიდრებს შენეულ სივრცეში, ერთი საოცარი თვისება აქვს - ბოლო მოუღოს მხოლოდ საკუთარი თავით ცხოვრებას და აუცილებელს გხდის - იცხოვრო სხვებისთვის, წერო სხვებისთვის, ხატო სხვებისთვის, იმღერო სხვებითვის და საერთოდ, იარსებო სხვებისთვის, რაც არავითარ შემთხვევაში არ აფერხებს და არ აკნინებს ინდუვიდუალიზმს.
არ შემიძლია, როცა მწერლობაზე, სახვით ხელოვნებასა თუ ფოტოხელოვნებაზე ვსაუბრობ, ორიოდე სიტყვით მუსიკას არ შევეხო, რომელიც უფრო შორს აღწევს, ვიდრე გარეგანი სამყაროს მიერ მოხდენილ და ასახულ შთაბეჭდილებას შეუძლია შეაღწიოს. უწყის ეს დიდებულად ირაკლი შონიამ და ამიტომაც იყენებს მუსიკალური სიწრფელის კვალისად თვალების, მზერის ხატს, რომლის სიღრმეში ანგელოზურ ხმათა სიწრფელენი ილანდებიან...
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მუსიკის მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ ის შემოქმედების საწყისსაც წარმოადგენს და მისი შთანთქმის საშუალებასაც. მარტივად რომ ვთქვათ, სამყარო მუსიკით შეიქმნა და მუსიკითვე უბრუნდება იმ საწყისს, რომელმაც ის შექმნა. ირაკლის შემოქმედებაც, ჩემი ღრმა რწმენით, დაბრუნებაა იმ საწყისთან, საიდანაც ის იშვა, ანუ რთული სიმარტივიდან, რაც ყველაზე დიდი შუქია - ნაღდი, თავანკარა შემოქმედებისთვის!..
დ-
ირაკლი მცირე ასაკისა დაობლდა, ადრე გარდაეცვალა მამა. ღირსეული, წარმატებული და გამორჩეულად პატიოსანი რევაზ შონია გულის მანკით გარდაიცვალა. მაშინ, დღევადელისგან განსხვავებით, ვერ კურნავდნენ ამ დაავადებას და ირაკლი თავის უმცროს ძმასთან ალიკასთან ერთად მარტოდ, ცალუღლად დარჩენილ დედასთან ერთად შერჩა ცხოვრების ურთულეს საავანჩავანოს. დედა- ადა შელია რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ჩემი მასწავლებელიც გახლდათ. ამ სვენათელმა ქალბატონმა ღირსეული და სანაქებო შვილები გაუზარდა სამშობლოს.
ირაკლი იმთავითვე ხელოვნების სიყვარულით იყო აღვსილი. მან ძალიან ადრეულ ასაკში სამოყვარულო ვიდეოკამერით გადაიღო მხატვრულ-დეტექტიური ფილმი, სადაც მთავარ როლს სხვებთან ერთად ჩვენი ბავშვობის დროინდელი მეგობარი - ილუშკა ასრულებდა. ილუშკა რუსი გახლდათ და ამაშიც მრავალი სიმბოლური შტრიხი ჩაატია ახალგაზრდა რეჟისორმა.
იმდენად მოხიბლული ვიყავი მისი ხალასი ნიჭითა და აღქმის გასაოცარი უნარით, მახსოვს როგორი აღტაცებით ვუკითხავდი მირჩა ელიადეს ჩემეულ თარგმანს ხობის მონასტრის ეზოში და როგორი ფართოდ გაბრდღვიალებული თვალებით მიმზერდა და მთელი არსებით გაბადრული მიდასტურებდა თარგმანის სიკარგეს.
ვერ გეტყვით, დედის გავლენითა თუ საკუთრივ მისი დაინტერესებით, ის დიდებულად ფლობს რუსულ ენას და კარგად იცნობს რუსულ კულტურას, ცამაღალ ლიტერატურასა და ფილოსოფიას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისას, რაც, კიდევ ერთხელ, ფრიად დადებითად განმაწყობს მის მიმართ და სასკოლო წიგნში დაბეჭდილი, გენიალური რუსი ფერმწერის სეროვის გასაოცარი ტილოს "დევოჩკა სპერსიკამის" - ჩემეული შტრიხებით აღქმელ- შემქმნელად წარმოვისახავ.
მრავავალმნიშვნელოვნად იკითხავს კაფკა: "რა ბედი ეწევა შემოქმედს და საერთოდ ხელოვანს იქ, სადაც თავდაცვის ძირითად საშუალებას - ძლიერი ავტორიტეტი წარმოადგენს"? - ეს მარადიული კითხვაა, რომელსაც თავიანთი ღვაწებით თავად უნდა გასცენ პასუხი ხელოვანებმა. ირაკლი შონია შრომისმოყვარეობით, რუდუნებით ავლებდა და ავლებს სწორხაზოვან კვალს თავისი მომავალი ცხოვრების სანათელოდ და დარწმუნებული ვარ, როცა საჭირო გახდება ავტორიტეტის წინ წამოწევა, აქაც არავის ჩამორჩება და იხმამაღლებს "ხმითა ესრე მახვილითა..."
ერთი ამბავიც უნდა გავიხსენო.
ხობის რაიონული გაზეთის რედაქციაში მე და გაზეთის ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელი, ჩემი თაობის კალმოსანთა დამკვალიანებელი,ჟურნალისტი ქალბატონი ლირა ბასილაია ვსაუბრობდით ირაკლი შონიას ნიჭიერებაზე და ამ დროს შემოგვიერთდა გამომცემლობის დირექტორი, ნიჭიერი კალმოსანი და უაღრესად დახვეწილი პიროვნება , აწგანსვენებული ვახტანგ სერგია, რომელიც ჩვეული სიდინჯით შემოუერთდა ირაკლის ქებას და ყოველივე ამას სამ დღეში მოჰყვა ქალბატონი ლირას შემდეგი ლექსი:
ირაკლი შონიას
შენი "მომავლის ნიჭით"
ლაშა აღვსილი გახლავს,
ჩვენო ლამაზო ბიჭო,
შენზე ვსაუბრობთ ახლა...
ვახტანგ სერგიაც თანხმობს-
"ნიჭი, ძამიკო, ნიჭი",
კარგი ეზრდება ჩვენს ხობს
რევაზ შონიას ბიჭი...
ე-
ირაკლი შონია, როგორც "ფეის-სივრციდან" შევიტყვე, გამოფენისთვის ემზადება. მიხარია, ვბედნიერობ. მომავლის ნიჭით აღვსილი ბიჭია მეთქი, ვთქვი მაშინ იმ დიდებულ ადამიანებთან რედაქციაში და მინდა ეს ნიჭიერება, რომლითაც
მოაპირთავა უფალმა, ბოლომდე გამოიყენოს და დახარჯოს " ფერად მშვენიერებისა..."
მინდა ბედნიერი იყოს თავის დიდებულ მეუღლესთან და მოკეთეებთან ერთად...
მინდა წარმატებები ვუსურვო -იმისთვის რომ ხშირად გადალახოს ფსიქოლოგიური რეალიზმის ჩარჩოები და იყოს ბოლომდე ყველასა და ყველაფრისგან თავისუფალი, რათა საბოლოოდ შექმნას თავისი ცხოვრებისეული პანო სახელწოდებით- ირაკლი შონია... ღმერთმა ხელი მოუმართოს...
ამინ!..
ლაშა გვასალია