"დედოფალი" ნოჯიხევში, ხობის დედათა მონასტერში მიბრძანდა



ხობიდან (პირველი მაისიდან) გამომგზავრების შემდეგ "დედოფალი" ნოჯიხევში, ხობის დედათა მონასტერში მიბრძანდა და სავანის მკვიდრთ დიდი სიყვარული მიუტანა. ამ დიდებულ მონასტერში საუკუნეების განმავლობაში იყო დაბრძანებული : ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყის ძვალი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი,

იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები,
შოლტი - რომლითაც მაცხოვარი იგვემა;
დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი და სხვა უდიდესი სიწმინდეები. 
ეს მონასტერი არის კერა, რომელშიც სიყვარულსა და მოკრძალებას დაუდია ბინა. უნიკალურია მონასტრის ფრესკები და მათი ისტორიაც. მამა ილიამ თავისი ჯვარი შესწირა "დედოფალს". ძალიან დიდი სიხარული იყო ასეთ მამასთან შეხვედრა. მშვიდი, მოკრძალებული, განათლებული და დიდი სულიერების ადამიანი. დიდი იყო მისი დიაპაზონიც ქრისტიანობის წვდომისა, ეს არ იყო დოგმატებით შემოფარგლული და წესებ დაზეპირებული მღვდელი, არამედ იგი გახლავთ ადამიანი, რომლის თვალსაწიერი არის ძალიან ფართო, თავისუფალი, მისთვის ქრისტიანობა არა ვიწრო და ჩაკეტილი აზროვნების რელიგიაა, არამედ მისთვის მართლმადიდებლობა აღდგომაა. ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გვაჩუქეს მონასტრის დედებმაც, მათაც შესწირეს დედოფალს ულამაზესი ჯვარი, რომელიც ახლა ხატს ამშვენებს, თუმცა ყველაზე დიდი საგანძური მათი მხრიდან იყო ის უბრალოება და სითბო, რომელიც დააქვთ გულით. ერთერთმა დედამ გვერდით მორიდებით ჩაგვიარა და კელაპტარი გადმოგვცა. მას შემდეგ ვფიქრობ ამ ჟესტზე. ძნელია ამის გადმოცემა თუ როგორ გააკეთა ეს. იმხელა რიდი, კრძალვა და უბრალოება იყო ამ წამიერ გავლაში. იმხელა უმანკოება იდო, რომ გული ამიჩუყდა და ვიფიქრე ამ კელაპტარს სათუთად შევინახავთთქო მცველები. ეს ის სავანე აღმოჩნდა სადაც ჩვენი გულის ნაწილი დავტოვეთ, სადაც მუდამ გაგვიწევს გული და როდესაც სადმე უკეთურებს გადავეყრებით მუდამ გაგვახსენდება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არის ანგელოზთა ბუდე, რომელშიც ქრისტიანული სიყვარულის აკვანი ირწევა.
FB-დედოფალი