24 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგამ დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნით ნაწილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.