20 მარტს, პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების მონასტერთან არსებულ წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრში „მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ თემაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება ესწრებოდა.
მომხსენებელმა, წიგნის „მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ რედაქტორმა პაატა გაჩეჩილაძემ, დამსწრე საზოგადოებასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობაზე და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა.
მომხსენებლის განმარტებით ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების (განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესიის) მდგომარეობის შესახებ სწორი, მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება როგორც სასულიერო პირების, ისე საზოგადოებისა და მოსახლეობის ფართო ფენებისათვის.