28 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე. რის შემდეგაც სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: განკარგულების პროექტი „ჯემალი ნადარაიასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“, ჯ. ნადარაიას ვადამდე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა მისი გარდაცვალების გამო, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო გაუქმდა საკრებულოს ფრაქცია „ხობი“.
სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის საფუძველზეც გათვალისწინებულია ქალაქ ხობის ტერიტორიაზე სხვადასხვა საგზაო ნიშნების განთავსება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქის ტერიტორიაზე. საკრებულოს სხდომაზე დამტიცდა ასევე ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
განკარგულების პროექტით „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბაზარზე არსებული ფასებისა და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით შეუმცირდა მისთვის დამტკიცებული საწვავის ლიმიტი 100 ლიტრის ოდენობით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.