22 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციის - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა“ და ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით, პირველი მაისის, ხეთისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დაფნის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ასოციაცია „ელკანასას“ წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს, სადემონსტრაციო მოდელის განაცხადის ფორმისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „ბიომეურნეობისა და ტრადიციული ჯიშების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში“ პროგრამის ფარგლებში, პირველი მაისის, ხეთისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, კონკურსის წესით შეირჩევა ფერმერის დაფნის სრულმოსავლიანი პლანტაცია, სადაც მოეწყობა დაფნის სადემონსტრაციო ნაკვეთი თანამედროვე ბიომეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვით. პროექტი სრულად ფინანსდება „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ (ENPARD) პროგრამით. კონკურსში გამარჯვებულ ფერმერს, მხოლოდ, შრომითი საქმიანობის, განსაზღვრულ ვადებში განხორციელება მოუწევს. დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაც დაფნის პლანტაცია გაშენებული აქვთ არანაკლებ 0.5 ჰა-ზე და პლანტაციის ასაკი არის მინიმუმ 5 წელი, საკონკურსო განაცხადით, თებერვლის ბოლომდე უნდა მიმართონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს. შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858393; 595 858320.