სოფელ ჭალადიდის სკოლის პედაგოგები დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით გაიფიცნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით გაიფიცნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. პედაგოგების ინფორმაციით, დაპირისპირება ირმა ხარშილაძესა და პედკოლექტივს შორის წლებია გრძელდება. მათი თქმით, გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო ვითარება უფრო მეტად დაიძაბა.
,,გუშინ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება დირექტორის გადადგომის მოთხოვნით და გავაგზავნეთ რესურს ცენტრში. გვინდა ეს თანამდებობა სკოლის სასწავლო ნაწილმა დაიკავოს, რამაც გამოიწვია ხარშილაძის გაღიზიანება, დაგვიწყო ყვირილი. საქმეში დირექტორის მეუღლეც ჩაერთო. პედგოგები თავს ვგრძნობთ დაუცველად, გვინდა ნორმალურ პირობებში და გარემოში მუშაობა“, -განუცხადა ჟურნალისტებს ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგმა შორენა მურუსიძემ.
თავად სკოლის დირექტორი ირმა ხარშილაძე ჟურნალისტებთან მომხდართან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებს. პედაგოგები ამბობენ,რომ რამდენიმე თვის წინ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს,თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. მასწავლებლები აცხადებენ, რომ გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს.
წყარო: http://www.interpressnews.ge