2017 წლის 9 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, პოპულარიაზციას, ქართული ქორეოგრაფიის, ხალხური რეწვის, განვითარებას და თვითნასწავლ შემოქმედთა ხელშეწყობას.
ხობის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა 2015 წელს გაიხსნა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სალოტბარო სკოლაში, უფასოდ შეესწავლათ ქართული ხალხური სიმღერა და გალობა.
მიმდინარე წელს გაფორმებული მემორანდუმით, ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. სკოლის სასწავლო გეგმას, ქართული ქორეოგრაფიის პროგრამა დაემატა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი იღებს ვალდებულებას ხალხური რეწვის ოსტატებს და თვითნასწავლ მხატვრებს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია და მათი შემოქმედების პოპულრაიზებისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს ერთობლივი პროექტები.
ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი სპეციალისტების ხელშეწყობას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მოსწავლეების სხვადასხვა კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობას.