ხვალ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი (დაჩი) ბერაია მოსახლეობას, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მაჟორიტარს შეხვედრაზე უარი ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ-„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განუცხადა.
როგორც „თავისუფალ პრესასთან” ხობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ია ჯიშკარიანი აცხადებს, დეპუტატთან მათი შეხვედრა ერთგვარი საერთო ენის გამონახვა იქნება, საერთო ენის გამონახვა კი პრინციპების დათმობაა, რასაც პარტია ნამდვილად არ აპირებს.
“სახელმწიფოსთან მოლაპარაკებაზე წასვლა, უკვე ერთგვარი საერთო ენის გამონახვაა. ჭეშმარიტი ოპოზიციონერისთვის არ არის მისაღები ამგვარი შეხვედრები, რადგან საერთო ენის გამონახვა პრინციპების დათმობაა! ასეთი შეხვედრებით ოპოზიცია ღებულობს ბუტაფორიულ სახეს. ალიანსში შესვლის მცდელობაა, რაზეც არასდროს წავალთ! სწორედ ამიტომაც დავრეკე ბიუროში და ვაცნობე, რომ არ მოვიდოდით“, -აღნიშნა ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, დეპუტატი ხვალ, 12:00 საათზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხოლო 14:00-18:00 საათამდე მოსახლეობას ხობის ბიუროში შეხვდება.
წყარო:http://freepress.ge