საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში საუკეთესო ათეულში მოხვდა სსიპ ქალაქ ხობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ვადაქარია.
ტირიან ვაჟკაცები გასაჭირის დროს?!
ვტირით,როცა გვტკივა, გვიჭირს ან გვიხარია. ხან გვატირებენ, ხანაც - საკუთარ თავს ვატირებთ. მიზეზებს რა გამოლევს?! მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც: „ვაჟკაცები არ ტირიან!“ ჰმ... საინტერესოა. ხშირად გაგვიგონია ეს ფრაზა ღიპიანი თამადებისგან, ამაყი, ბიჭის პატრონი მამებისგან და ა.შ.
პატარა ბიჭი რომ ტირის ხოლმე, ენამწარე დედები მიაძახებენ: „რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ!“ „ბიჭები არ ტირიან!“ აღზრდის მეთოდი აქვთ ასეთი... ძალადობრივ-დამამცირებელი... ზოგჯერ ამართლებსო, ამბობენ. თუ გაამართლა, მაშინ იმ პატარა ბიჭუნებისგან ვიღებთ ღიპიან თამადებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ეუბნებიან, რომ მხოლოდ გოგოები ტირიან... ერთგვარი ჯაჭვია.
მოდით, გადავინაცვლოთ XII საუკუნეში, იქ, სადაც ვაჟკაცები ტირიან:
„ნახეს, უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა...“ მოდით, ცოტა გავუსწროთ მოვლენებს და გადავინაცვლოთ იმ ადგილას, სადაც აცრემლებული უცხო მოყმე დაკუნთულ ბრგე კაცად გარდაისახება:
„თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა!-
სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.“
როგორც ხედავთ, უცხო მოყმე ტირის, დგება, იარაღს ისწორებს და იმდენად გაბედულია, მეფეს არაფრად აგდებს და სხვა მხარეს მიდის. როგორც ვნახეთ, ის მამაცია, მაგრამ ტირის. დიახ, ტირის! ახლა მოდით ვნახოთ „ვეფხისტყაოსანი“ ჩემს მეზობელ ჯამბულას (ჯამბულას აზრით, ნამდვილი კაცები არ ტირიან) ან ღიპიან თამადას (თამადას, რომელიც კარგად საუბრობს და ორი დიპლომი აქვს) რომ დაეწერა: „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, თავზე ხელი წამოარტყეს რა გატირებს... (უხამსი სიტყვა)“.
იცით, რაშია საქმე?! რაც დრო გადის, ყველაფერი უარესდება... XII საუკუნის დიადი პოეტებიდან XXI საუკუნის ღიპიან „განათლებულ“ თამადებამდე დავედით.
შოთა დაუშვებს, რომ ვაჟკაცმა იტიროს, აი, ღიპიანი თამადა კი - ვერა.
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი შოთა რუსთაველის ეპოქაში...
ნიკა ვადაქარია
სსიპ ქალაქ ხობის # 2 საჯარო სკოლა
მე-10 კლასი