გუშინ, 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის დაბადებიდან 60 და ეპისკოპოსად კურთხევიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: ,,საქართველოს ეკლესიის საგანძური - ხობის მონასტრის სიწმინდეები''
მეუფე გრიგოლმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. 1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს კი შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა, ორი დღის შემდეგ, 23 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე დღეს, 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად. 1996-2003 წლებში შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. 2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. 2003 წლის 7 სექტემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება.