"ხომ გაგიგონიათ გამონათქვამი, კაცის კაცი რა კაციაო?!"ბოლოდროინდელი კვლევები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუებულია და ეს ნოყიერ ნიადაგს უქმნის საპარლამენტო არჩევნებზე გამავალ დამოუკიდებელ კანდიდატებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ხობის მაჟორიტარობის უპარტიო კანდიდატი ვილენ სერგია ამბობს, მართალია, მსხვილი პარტიების კანდიდატებს ერთგვარი ფორა აქვთ იმ კუთხით, რომ მათ ზურგს უმაგრებს პარტიული სტრუქტურები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსური რუსურსი, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასაც აქვს ერთგვარი პლუსი, რადგან ეს კანდიდატს მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს.
ვილენ სერგია, რომელიც პროფესიით ადვოკატია და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ამბობს, რომ საქართველოში გავრცელებული პრაქტიკა, როცა მაჟორიტარებად ძირითადად მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლები გადიან, რომელთაც ზურგს დიდი პარტიები უმაგრებენ, რადიკალურად უნდა შეიცვალოს.
"რეზონანსი": რა გარემოებამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება, ჩაბმულიყავით პოლიტიკაში და გეყარათ კენჭი საპარლამენტო არჩევნებში ხობის რაიონში?
ვილენ სერგია: ამ კითხვას ბევრი ახლობელი, ნაცნობი და მეგობარი მისვამს. განსაკუთრებით ის ხალხი, რომელთათვის ცნობილია მაჟორიტარულ ოლქებში ბოლო ათწლეულებში დამკვიდრებული ტენდენციები, რაც გამოიხატება იმაში, რომ არჩევნებს იგებენ ძირითადად მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
ჩვენი რაიონიც ბოლო წლებში მოვლენათა განვითარების მსგავსი ტენდენციით ხასიათდებოდა, უკანასკნელ 20 წელიწადში არჩევნებს იგებენ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი ბიზნესმენები, რომლებზეც ვერ ვიტყვი, რომ გაამართლეს ამომრჩევლთა იმედები.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, პარლამენტში მეტი ოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილი დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებსაც არ გააჩნიათ პოლიტიკური კუთვნილება. მთავარი კრიტერიუმი ამომრჩევლისთვის კანდიდატის ასარჩევად უნდა იყოს არა სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერა და ფინანსური მდგომარეობა, არამედ პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. სწორედ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი.
ამ ოლქში, სადაც ხობის რაიონთან ერთად გაერთიანებულია ზუგდიდის რამდენიმე სოფელიც (ახალსოფელი, ერგეტა, დიდნეძი, ცაიში, ნარაზენი, ოქტომბერი და ჭითაწყარი) გახლავართ ერთადერთი უპარტიო დამოუკიდებელი კანდიდატი.
"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ სახელისუფლო და რომელიმე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მხარდჭერის არქონის პირობებში შეძლებთ, კონკურენცია გაუწიოთ მათ კანდიდატებს?
ვ.ს: რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები უდავოდ მნიშვნელოვანია და სხვა კანდიდატებს აქვთ ერთგვარი "ფორა" ჩემთან მიმართებაში. მე ვარ ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და ზურგს არ მიმაგრებენ პარტიული სტრუქტურები თუ სახელისუფლებო დაწესებულები. არც ძლიერი ფინანსური წრეების მხარდაჭერის იმედად ვარ.
მეორე მხრივ, აღნიშნული გარემოებები მე მაძლევს უფრო გაბედული, თავისუფალი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. კერძოდ კი, მე არ ვიქნები პარტიულ ბოსებზე დამოკიდებული, ფინანსური კლანების ინტერესთა ტყვე, არც პარტიული კონიუნქტიურა იქნება ჩემთვის განმსაზღვრელი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მე ვიქნები დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლზე და ანგარიშვალდებული ვიქნები მის წინაშე. ჩემი მთავარი დასაყრდენი იქნება მოქალაქე, რომელიც იჩაგრებოდა თუ იჩაგრება უსამართლობით, რომელსაც აძლევენ დაბალ პენსიას, არის დაუსაქმებელი, არა აქვს განათლების მიღებისა თუ მიღებული განათლების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალება. ვპირდები ჩემი სამეგრელოს ამომრჩეველს, რომ ვიქნები მათი ინტერესებისთვის თავდაუზოგავი და უკომპრომისო მებრძოლი საქართველოს პარლამენტში.
"რ": ვინ არიან თქვენი კონკურენტები?
ვ.ს: ზოგიერთ მათგანს ვიცნობ, ზოგს კიდევ იმედია, გავიცნობ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა დავადგეთ ერთმანეთის ლანძღვა-გინებისა და კონფრონტაციის გზას, ურთიერთპატივისცემისა და ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში უნდა წარვმართოთ წინასაარჩევნო კამპანია. არჩევანი ხალხზეა, ხალხი კი მოგეხსენებათ, ბრძენია.
აქვე მსურს დავამატო და ვიქონიო იმედი, რომ თითოეული მათგანი პირველ რიგში დამოუკიდებელი პიროვნებაა და ხელმძღვანელობს თავისი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად და არ არიან ე.წ. ვიღაცის კაცები. ხომ გაგიგონიათ გამონათქვამი, კაცის კაცი რა კაციაო?!
"რ": რაზე აკეთებთ აქცენტს საარჩევნო კამპანიაში?
ვ.ს: უნდა დავიწყოთ იმით, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და მშვიდობას. უნდა გავაძლიეროთ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, რეფორმის შედეგად გავზარდოთ პროფესიონალიზმის ხარისხი. ქვეყნის ტრანსფორმაცია წარუმატებლობისთვისაა განწირული, რომ არა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და აქტიური მართლმსაჯულების სისტემა.
ერთ-ერთი მტკივნეული თემა გახლავთ უმუშევრობის დაძლევა. მოქალაქეთა დასაქმება, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო სივრცეებში არის წინაპირობა თითოეული პიროვნების ნიჭის, უნარ-ჩვევების რეალიზებისა. ბოლო პერიოდის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების რეალური დეფიციტია. სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს პოტენციურ კადრთა ტექნიკური და პროფესიული გადამზადება. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს. სოფლის მეურნეობის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარების, წმინდა სავალუტო შემოსავლების, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით (სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის თითქმის 50%). სოფლის მეურნეობის დარგში უნდა მოხდეს დროული და სრული მოდერნიზაცია, რადგანაც ამ დარგში არაკონკურენტუნარიანი საწარმოო პროცესი ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების ყაირათიანი ხარჯვა. მთავრობა ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც შეეფერება ღარიბ ქვეყანას. უნდა აიკრძალოს ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, მინუმუმადე უნდა შემცირდეს სახელმწიფო დაწესებულებათა რემონტის ხარჯები,უნდა მოხდეს საკომუნიკაციო ხარჯების მკაცრი ლიმიტირება. უნდა მოხდეს ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაცია.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. არის რიგი საკითხებისა, რომელთა გადაჭრა სახელმწიფოს მიერ ცენტრალიზებული წესით არ არის მიზანშეწონილი, რადგან იგი ადეკვატურად ვერ პასუხობს ადამიანთა მოთხოვნებს. მაგალითისთვის, ადგილობრივი ნიუანსების გათვალისწინება ყოველთვის აუცილებელია საერთო პოლიტიკის კონტექსტში - ცალკეულ სოფელში როგორ და სად უნდა გაკეთდეს გზის საფარი ან გავიდეს წყლის მილი, ამას ცენტრალური ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მიხვდება იმ ადამიანებზე უკეთ, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ.
დაბოლოს, სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. მრავალ ახალგაზრდას არ აქვს საკუთარი ნიჭის გამოვლენისა და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენების საშუალება, არ მისდევენ სპორტს. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოკლებული არიან შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ აქტივობებსა თუ საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც დაეხმარება მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. არის სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებებიც, რომელთა შესახებაც ჩემს საარჩევნო პროგრამაში ვრცლადაა მოცემული.