"თავისუფალი დემოკრატების" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და 30 წევრი "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინგა ჩაგანავამ გუნდის 30–მდე წევრთან ერთად პარტია დატოვა და "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შეუერთდა, - ამის შესახებ ინგა ჩაგანავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვტოვებ პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" და ვუერთდები საზოგადოებაში ყველაზე გამოკვეთილ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ და საქმეზე ორიენტირებულ ძალას "ქართულ ოცნებას". მხარდაჭერას ვუცხადებ "ქართული ოცნების" ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი (დაჩი) ბერაიას", - განაცხადა ინგა ჩაგანავამ.
როგორც ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, იგი მიესალმება გუნდის გაძლიერებას.
"მივესალმები ჩვენი გუნდის გაძლიერებას. ჩვენთვის ღირებულია ამ გუნდის პოლიტიკური გამოცდილება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და გამოხატულება იმ გარემოებისა, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს", - განაცხადა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ.