სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. სისხლისმღვრელ ომში, ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასეულობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა მშობლიური სახლ-კარი დაეტოვებინა. 27 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულების ხსოვნას და ნოჯიხევში, ხვიჩა ცხადაიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ხობის მონასტერში დეკანოზმა ილია ლომაიამ და ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულთათვის პანაშვიდი გადაიხადეს. ხვიჩა ცხადაია 1974 წელს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. დაამთავრა ქ. სოხუმის მეთხუთმეტე საშუალო სკოლა. ის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში დაწყებულმა საომარმა მოქმედებამ ხელი შეუშალა. ხვიჩა ცხადაია საკუთარი სურვილით გამოცხადდა სოხუმის სამხედრო კომისარიატში და 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეორე ასეულში ჩაირიცხა მებრძოლად. ახალგაზრდა ვაჟკაცი გუმისთასთან და აჩადარასთან მამაცურად იბრძოდა ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. 17 მარტს, 19 წლის ვაჟკაცი მტრის მიერ, ვერაგულად ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხვიჩა ცხადაია, მხედრული მამაცობისთვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.