საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ყულევის ნავთობტერმინალში, ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ. ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. N5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის - გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის - მიღების, შენახვისა და დატვირთვის აშენებული ეს ობიექტი გამიზნულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვის. სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ. მიაღწევს. N6 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3 შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული - 3000 მ3 და 3 ერთეული - 2000 მ3. რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად. საკუთარი პრინციპების დაცვისა და დასახული მიზნების მისაღწევად კომპანიამ, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დანერგა და მუდმივად მუშაობს მართვის ინტეგრირებული სისტემის სრულყოფაზე. შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მართვის ინტეგრირებული სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001, ISO 1400 & OHSAS 18001 სტანდარტების შესაბამისად -UKAS აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანიზაციის შპს “Moody International”-ის მიერ 2008 წელს.