“ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ხობში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას კანდიდატურა შეცვალოს. ეს ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
“თავისუფალი პრესა” გოდერძი ბუკიას ბიუროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო ლიპარტიას დაუკავშირდა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც ლიპარტიამ ჩვენთან საუბრისას განმარტა, მისთვის გაუგებარია ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული გოდერძი ბუკიაზე შავი პიარის აგორებით.
“მე არ ვიცი წინასაარჩევნოდ ვის აწყობს მსგავსი ჭორების გავრცელება, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონ გოდერძის მსგავსი საუბარი არავისთან ჰქონია. ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საარჩევნო კამპანიას. ძალიან ბევრი რამ ვრცელდება მისი მისამართით, კერძოდ, ნათელაშვილის განცხადება, რომ თითქოს მერვედ იყრის კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის, შესაბამისად, არც ეს შეესაბამება სიმართლეს, რადგან სულ ოთხჯერ იყო მაჟორიტარი დეპუტატი და წლევანდელ არჩევნებზე მეხუთედ წარსდგება. ნათელაშვილმა გოდერძი ბუკია “ფინკა” ბანკის ხელმძღვანელადაც გამოაცხადა, მაშინ, როცა მას არანაირი შეხება არააქვს ამ ბანკთან. ბოლო პერიოდში ბატონი გოდერძის მისამართით შავი პიარის აგორებით დაინტერესებულია არაერთი ორგანიზაცია თუ, პიროვნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გოდერძი ბუკიას კანდიდატურის ჩანაცვლება მმართველი გუნდის მხრიდან არ მომხდარა. მეტიც, მომავალი კვირიდან ის ხობში ჩამოვა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობა”, – განაცხადა ნინო ლიპარტიამ.