29 აგვისტოს ხობის მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი ირაკლი (დაჩი) ბერაია ხეთის, თორსის, ხამისქურის და პირველი მაისის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აქტივს შეხვდა.
"ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით. არჩევნების დამთავრების შემდეგ არ უნდა გვექნეს იმის აუცილებლობა, რომ მეზობლის, მეგობრის, ახლობლის შემორიგება დაგვჭირდეს. პოლიტიკაში მოსვლა არასდროს მქონია დაგეგმილი, მაგრამ დღეს რადგან ამის შესაძლებლობა მომეცა, უკვე გამიჩნდა ამბიცია, ჩემი რაიონი იყოს ერთ-ერთი მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. საამისოდ მაქვს რეალური შესაძლებლობა, კონტაქტები, გავლენა და საქმიანი ურთიერთობები. იმ გამოცდილებას, რაც კერძო სექტორში მივიღე მაქსიმალურად გამოვიყენებ ხობში სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.
სახელისუფლებო პარტიასთან ერთად შევძლებ იმას, რომ გაცილებით ეფექტურად წავრმართოთ ყველა პროექტი და შედეგიანი იყოს ჩვენი მუშაობა. რაც თავის მხრივ განაპირობებს რეგიონის და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ქვეყნის სწრაფი განვითარება კი თავისთავად გამოიწვევს თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას. ადამიანი და მისი ღირსება არის უმთავრესი ჩვენი მთავრობისთვის" - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.