ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ აღინიშნა ვლაქერნობის დღესასწაული


დადიანების ისტორიულ სასახლეში განთავსებული მუზეუმიდან საპატიო მსვლელობით მიაბრძანეს ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი და წმიდა მოწამეთა ნაწილები; ამის შემდეგ დაიწყო საღმრთო ლიტურღია, რომელშიც მონაწილეობდნენ:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი;
ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თევდორე;
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე;
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე;
წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი;
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი;
ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი ვახტანგი;
ნეაპოლის ეპისკოპოსი პორფირიოსი (კვიპროსი)

სადღესასწაულო წირვას უძღვებოდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
წირვას ესწრებოდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დღესასწაული მიულოცა მრევლს, მადლობა გადაუხადა დღესასწაულში მონაწილე მღვდელმთავრებს და სამღვდელოებას, დალოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
საღმრთო ლიტურღიის დასასრულს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოკლე ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილთ. ქადაგები შემდეგ მეუფე გერასიმემ ჯილდოები გადასცა ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლებს.
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის,
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგება 
„ვლაქერნობის“ დღესასწაულზე
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში

„სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
საქართველოს მთავრობის წევრნო,
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

გილოცავთ დღესასწაულს, ვლაქერნობას. დღეს სიხარულის, სიყვარულის დღეა. ჩვენს სიხარულს აძლიერებს ის, რომ სადღესასწაულო მსახურება შესრულდა ამ დიდებულ, ჯერ კიდევ მშენებარე ტაძარში, რომელიც ახლავე უკვე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დასრულების შემდეგ იგი მართლაც მშვენიერი და დიდებული იქნება. აქაურობა დღეს იმ შუქურას ჰგავს, რომელიც გაშლილ ზღვაში მყოფთ ეხმარება ორიენტაციის გარკვევაში. ჩვენს სიხარულს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართისა და სხვა სიწმიდეების აქ მობრძანება. გასულ საუკუნეში არაერთი სიწმიდე იქნა გატანილი ეკლესია-მონასტრებიდან და საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში იქნა განთავსებული; თუმც კი ისინი იქ მზრუნველობის ქვეშ არიან დაცულნი, მაინც ერთგვარ პატიმრობაში არიან. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყველა სიწმიდე, წმიდა რელიქვიები დაუბრუნდეს იმ ადგილებს, საიდანაც ისინი ერთ დროს იქნა გატანილი.
დრონი იცვლებიან; მასთან ერთად იცვლება ადამიანი, იცვლება შეხედულებები; მაგრამ ამ ცვალებად სამყაროში არსებობს უცვალებელი ღირებულებები, ფუნდამენტური მნიშვნელობის ფასეულობები, რასაც ეფუძნება ჩვენი ცხოვრება და რაზედაც უნდა აღმოცენდეს ჩვენი მომავალი. ასეთ სულიერ ფასეულობებს წარმოადგენს დღეს აქ მობრძანებული სიწმიდეები, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში იცავდნენ ხობის მონასტრის მამები. ამ სიწმიდეთა შორის ასევე იყო თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრე ჯვარი და სხვა სიწმიდეები.
ყოველივე ეს ჩვენს ძვირფას სულიერ საგანძურს წარმოადგენს.

გამორჩეულად ვულოცავთ დღესასწაულს მის მაღამეუფებას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, მეუფე გერასიმეს. ზუგდიდის კათედრაზე მისი მობრძანების დღიდან მრავალი რამ გაკეთდა და აშენდა ამ ეპარქიაში; ...და ყველაფერი ეს ხდება მისი კურთხევით და მისი ომოფორის ქვეშ. ამას დაფასება სჭირდება.
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, კვლავ და კვლავ გილოცავთ დღესასწაულს თქვენ და თქვენს სამწყსოს!
ღმერთმა დალოცოს და მრავალჟამიერი დღეგრძელობა მიანიჭოს მის უწმიდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს;
ღმერთმა დალოცოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრნი და სრულიად საქართველო.“

ზუგდიდი - 15.07.2016.