ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ბუკია, ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მოსამსახურეებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
2016 წლის 27 მაისს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად მუნიციპალიტეტების გამგებლებს/მერებს დაეკისრათ კონკრეტული ვალდებულებები.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებული იქნება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მიზნით შექმნას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული კოლეგიური ორგანო - პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი კომისია, რომელიც გასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის დამადასტურებელ ცნობას, რომლითაც პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.
ამავე დროს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტების, თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის დაბადების შესახებ შეტყობინების, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის და გარდაცვალების ფაქტის შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს დაეკისრა.