ჩაწყობილი მატჩი პირველ ლიგაში – მორიგი სკანდალი ქართულ ფეხბურთში

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პირველ ლიგაში გამართულ შეხვედრას ხობის "კოლხეთსა" და ქედას "ბეთლემს" შორის.

"კოლხეთმა" საკუთარ მოედანზე 4:1 იმარჯვა და ქედელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს. ამ და კიდევ სხვა საგულისხმო ეპიზოდების გამო ფეხბურთის ფედერაციამ იეჭვა, რომ საქმე ჰქონდა გარიგებას და საბოლოოდ ვარაუდი გამართლდა.

ქართული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ქედას "ბეთლემის" ოთხ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს მთავარი მწვრთნელის მეთაურობით, სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო საქმიანობა. გარდა ამისა, კლუბი დაქვეითდა ქვედა ლიგაში და დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

"ჩვენი მოსვლის შემდეგ როგორც უმაღლეს, ისე პირველ და მეორე ლიგის თამაშებს სისტემატიურად ვესწრებით და ვაკვირდებით. საქმე ეხება 2016 წლის 10 მაისს პირველ ლიგაში გამართულ მატჩს, ხობის ''კოლხეთსა'' და ქედას ''ბეთლემს'' შორის. სპორტული სამართლიანობის კომიტეტმა გამოითხოვა ვიდეომასალა, რომლის გაცნობისთანავე საგანგებო სხდომაზე დაიგეგმა კოკრეტული ქმედებები. გაფართოებულ სხდომაზე აღნიშნულ მატჩში მონაწილე პირებისთვის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება. კომიტეტმა მიიჩნია, რომ ხობის ''კოლხეთსა'' და ''ბეთლემის'' მატჩში დაირღვა სპორტული სამართლიანობის პრინციპი. ქედას გუნდის ფეხბურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტულ ქმედებებს და ოთხ ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალოს ფეხბურთში მოღვაწეობა, ქედას ''ბეთლემი'' კი მოიხსნას გათამაშებიდან, დაქვეითდეს ქვედა ლიგაში და დაეკისროს ჯარიმა 50 000 ლარის სახით. შსს-ს გავუგზავნეთ კონკრეტული მასალა და გადაწყვეტილება მივიღეთ მათთან თამანშრომლობის შემდეგ. მე პირადად ვარ პასუხისმგებელი, რომ ნებისმიერი პირი ვინც ქართულ ფეხბურთს აყენებს ზიანს უმკაცრესად იქნება დასჯილი. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუ იქნება შესაბამისი ფაქტი მივიღებთ ანალოგიურ გადაწყვეტილებას", – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ს პრესსამსახური