შეხვედრა „აგროდაზღვევასთან“ დაკავშირებით

20 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, პროექტ „აგროდაზღვევაში“ მიმდინარე წელს შესული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით პროგრამას ,,აგროდაზღვევა“ 2014 წლის 1 სექტემბრიდან ა(ა)იპ „ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს:
1.სეტყვა
2.ჭარბი ნალექი
3.ქარიშხალი
4.საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად ბენეფიციარს შეუძლია
დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა.) თითოეული დამზღვევი 70% - იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

2016 წელს იმოქმედებს მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო ტარიფები. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას და მათი მხრიდან სადაზღვევო რისკების სწორად შეფასებას. ასევე, მიმდინარე წელს გაუმჯობესდა და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და ფრანშიზის (არანაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი.
პროგრამით ,,აგროდაზღვევა“ დაინტერსებულ ფერმერებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858322. ასევე მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 47 01 01.