20 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სოფლის ექიმებს პალიატიური მზრუნველობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელსაც დარგის ექსპერტი, ონკოლოგი იოსებ აბესაძე უძღვებოდა.
ტრენინგი შეადგენს ონკოლოგიის საკითხებზე პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა გადამზადების კურსის ნაწილს და ტარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ონკოპრევენციის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ტრენინგის კურსის ამოცანაა პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მნიშვნელობის შეხსენება და ამ გზით მათი როლის გაძლიერება კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში, ასევე, მოსახლეობისთვის საბაზისო პალიატიური მზრუნველობის მიწოდების ხელშეწყობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე.
ტრენინგებთან ერთად იმართება საგანმანათლებლო შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევას კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.