საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომელიც მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
საწარმოს ინვესტორია შპს "ფაზის ოილი". იგი წარმოადგენს შპს "Socar Georgia Investments"-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 790) გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები - მან გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობფგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა.
ამასთან, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება რეგიონში მრეწველობის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე.
წყარო: http://www.ipress.ge/new/32672-yulevshi-navtobgadamamushavebeli-qarkhana-ashendeba-investiciis-moculoba-$120-milionia